ელისაბეტტალიდან დღემდე
ასურეთის ისტორია XIX საუკუნის დასაწყისიდან, კერძოდ 1818 წლიდან იწყება, როდესაც ვიურტემბერგიდან ჩამოსახლებულმა გერმანელებმა საქართველოში ახალი სამშობლო იპოვნეს, კოლონია დააარსეს და ელისაბეტტალი უწოდეს. თან ჩამოიტანეს ევროპული არქიტექტურა, მეურნეობის გაძღოლის წესები და გამორჩეული წესრიგი. ააშენეს ნახევრად ფაჰვერკული სტილის სახლები, მოაწესრიგეს ინფრასტრუქტურა და აღმართეს ულამაზესი ლუთერანული ეკლესია. ეს ისტორია 1941 წელს დასრულდა, როდესაც საბჭოთა რეჟიმმა გერმანელები შუა აზიაში გადაასახლა. სწორედ იმ დროიდან იწოდება სოფელი ასურეთად.

ასურეთული შალა
ამ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის აღმოჩენა, გაშენება და მისგან ღვინის დაყენების ისტორიის გაგრძელება სწორედ ელისაბეტტალელი გერმანელების დამსახურებაა. ლეგენდის თანახმად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ადგილობრივმა გერმანელმა მეღვინემ, ოტო შალმა, ასურეთის მიმდებარე ტყეში ვაზის უცნობი ჯიში იპოვა, გააშენა და მისგან ღვინო დააყენა. პატივისცემის ნიშნად, ადგილობრივებმა ამ ჯიშს შალას ყურძენი (Schall-Traube) შეარქვეს, რომელსაც მოგვიანებით ასურეთული შალა ეწოდა (სინონიმი: ასურეთული შავი).


დღეს, ასურეთული შალა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) ღვინოა. გამოირჩევა ინტენსიური ლალისფერი შეფერილობით, ტყის კენკრის, მაყვლისა და მწიფე ალუბლის არომატებით, საშუალო ან მაღალი მჟავიანობითა და რბილი, ხავერდოვანი ტანინებით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ახალგაზრდა, ისე დავარგებული სახით დასაგემოვნებლად.
ასურეთი ზღვის დონიდან დაახლოებით 550-650 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ზაფხულობით აქ ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, თუმცა ღამით ხეობიდან წამოსულ ნიავს სიგრილე მოაქვს. ტემპერატურის ასეთი ცვალებადობა ხელს უწყობს ყურძენში მჟავიანობისა და არომატების ბალანსის შენარჩუნებას. დღეს, სოფელში ასურეთულ შალას ჯამურად 5 ჰექტარი ფართობი უკავია. ქვემო ქართლის მეღვინეთა გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასურეთელი მეღვინე ალექსანდრე ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ფართობების გაზრდა: „ასურეთული შალას დიდი პერსპექტივები აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რადგან თანამედროვე ღვინის მოყვარულები სწორედ ასეთ იშვიათ, ავტოქთონურ და საინტერესო ისტორიის მქონე ჯიშებსა და ღვინოებს ეძებენ.“
ქვემო ქართლის მეღვინეთა გაერთიანება, რომელიც თეთრიწყაროს (მათ შორის ასურეთის), ბოლნისისა და მარნეულის მცირე და საშუალო მარნებს აერთიანებს, ასურეთისა და ზოგადად რეგიონის მევენახეობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქტიურად მუშაობს რეგიონული ბრენდის შექმნაზე, ხარისხის სტანდარტების ამაღლებასა და ადგილობრივი ღვინოების, მათ შორის, ასურეთული შალას პოპულარიზაციაზე.
დიდი ისტორიის ამ პატარა სოფელში ყოველი სტუმრობისას სულ უფრო გასაგები ხდება, როგორ შეუძლია წარსულს, არქიტექტურას, ბუნებასა და გასტრონომიას ერთიანი, საინტერესო ხასიათის შექმნა. დღეს, ასურეთული შალა აღარ არის მხოლოდ იშვიათი ყურძნის ჯიში, ის აქაურობის სავიზიტო ბარათია, რომელიც თანაბრად აერთიანებს ქართულ ფესვებსა და გერმანულ მემკვიდრეობას.

ასურეთელებს ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალიც აქვთ, რომელიც ისტორიულ ლოკაციაზე, გერმანელების მიერ აგებულ სადგურში (Bahnhof Station) ტარდება, ოქტომბერში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს სოფელი თავისი უნიკალური იდენტობით მკვიდრდება ტურისტულ და ღვინის რუკაზე.
გემოების შეხვედრის ადგილი
ისტორიული სადგური (Bahnhof Station) და გასტრონომიული ექსპერიმენტები

როგორც წესი, კულტურათა სინთეზი ყველაზე კარგად გასტრონომიაში ვლინდება, რაც ასურეთში მდებარე ისტორიულ ობიექტში - სადგური (Bahnhof Station) კარგად ესმით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ბანჰოფი“ გერმანულად რკინიგზის სადგურს ნიშნავს, ამ შენობის წარსული ცოტა განსხვავებული და ამავე დროს, ძალიან საინტერესოა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელების მიერ აშენებული ეს ქვის ნაგებობა თავდაპირველად სამანქანე-სატრაქტორო სადგურის ფუნქციას ასრულებდა. ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული და დროისგან დაზიანებული შენობა რამდენიმე წლის წინ აღადგინეს. სადგური იქცა სივრცედ, რომელიც ძველი ევროპული სოფლის ხასიათს და ისტორიას აცოცხლებს. აქაურობა იმის დასტურია, რომ ასურეთში ისტორია მხოლოდ წიგნებში კი არა, თეფშზეც ცოცხლობს, ხოლო ასურეთული შალა მხოლოდ საინტერესო ღვინო კი არა, ადგილობრივი სამზარეულოს გამორჩეული ინგრედიენტია.
გერმანული ტექნოლოგიით დამზადებული სოსისები ასურეთული შალას სოუსში

ეს კერძი ელისაბეტტალელი გერმანელების კულინარიული მემკვიდრეობის პირდაპირი გამოძახილია. კლასიკური, წვნიანი სოსისები, რომლებიც შალას ბაზაზე მომზადებული სქელი, პიკანტური და ოდნავ მოტკბო სოუსით სერვირდება, ერთ თეფშზე აერთიანებს გერმანული ხორცის ტექნოლოგიასა და ქართული ყურძნის ჯიშის ხასიათს.
ასურეთულ შალაში დავარგებული ადგილობრივი ყველი

ღვინო ყველს ხილის სასიამოვნო არომატებით, განსაკუთრებით კი კენკროვანი ნოტებით ამდიდრებს. შალაში დავარგებისას ყველის გარსი მუქ იასამნისფერ შეფერილობას იძენს, შიგთავსი კი ღია რჩება. ღვინისა და ყველის ასეთი კავშირი საერთაშორისო გასტრონომიის პოპულარული ტრენდია, ისეთი კლასიკების მსგავსად, როგორიცაა იტალიური Formaggio Ubriaco ან ესპანური Murcia al Vino.
გულიაში ასურეთული შალათი

ღვინოში ხორცის ხანგრძლივი თუშვა (Slow-cooking) მსოფლიო კულინარიის ოქროს ფონდია. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ფრანგული Boeuf Bourguignon ან თუნდაც იტალიური Brasato al Barolo. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული უნგრული გულიაში ღვინოს არ ითხოვს, მის დასავლურ ან და გერმანულ ვარიაციებში ხშირად გამოიყენება მშრალი წითელი ღვინო კერძის არომატის გასაღრმავებლად და გამოსაკვეთად. სადგურში გულიაში სწორედ ამ მეთოდით მზადდება და რა თქმა უნდა, ღვინო აუცილებლად ასურეთული შალაა - წითელი მშრალი.
გამომცხვარი ვაშლი ნიგვზითა და თაფლით, ასურეთული შალას სოუსში

დესერტი, რომელიც შემოდგომის ასურეთს მოგაგონებთ. ღუმელში გამომცხვარი ვაშლი, ფარშირებული ნიგვზითა და ნატურალური თაფლით, ასურეთული შალასგან მომზადებული სქელი, არომატული სიროფით. ეს არის დესერტი, რომელშიც სიტკბო და ღვინის მსუბუქი მჟავიანობა იდეალურ ბალანსს ქმნის.

