სამეგრელო, როგორც საქართველოს ერთერთი უძველესი მხარე, საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა და ინახავდა ვაზისა და ღვინის კულტურის მდიდარ ისტორიულ ტრადიციებს. რეგიონის მეტად მრავალფეროვანი და გამორჩეული კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები - სუბტროპიკული კლიმატი, შავი ზღვის სიახლოვე, მთიანი რელიეფი, ასევე მდინარეების ენგურის, ცხენისწყალისა და ხობისწყალის ხეობებში არსებული ნაყოფიერი ალუვიური ნიადაგები, კირქვებით მდიდარი თვალწარმტაცი წინამთები ქმნის განსაკუთრებულ პირობებს როგორც ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებისთვის, ასევე ანიჭებს აქ წარმოებულ ღვინოს სპეციფიკურ და განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს. სამეგრელოს მეტად საინტერესო და ორიგინალური ღვინოების სპექტრში, მაინც გამორჩეული ადგილი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს - „სალხინოს ოჯალეშს“ უკავია.

ცნობილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი სამეგრელოს შესახებ წერდა: „აქა არს ღვინო ზარდაგი, ფერისათვის ეგრეთ წოდებული, ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა“.

სამეცნიერო ლიტერატურული წყაროების (ნ. კეცხოველი, დ. ტაბიძე, მ. რამიშვილი, 1960 და სხვა) თანახმად, სამეგრელოში აღწერილია დაახლოებით 50-მდე ადგილობრივი ვაზის ჯიში, რომელთაგან უმეტესობა საღვინე მიმართულებისაა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მდიდარი გენოფონდის არსებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონის ღვინის კულტურის უძველესი ისტორიის და მისი მნიშვნელობის შესახებ.

ამჟამად, დღევანდელი მდგომარეობით, სამეგრელოს მევენახეობის ზონაში აღწერილია 200,0 ჰა-მდე ვენახი, სადაც გავრცელებულია ვაზის ავტოქთონური შემდეგი საღვინე ჯიშები:

ოჯალეში ადგილობრივი წითელყურძნიანი ჯიშია, რომელიც სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა და დღესაც ითვლება სამეგრელოს ღვინის კულტურის ერთ-ერთ მთავარ და დამახასიათებელ ჯიშად. ოჯალეშის ისტორიული მნიშვნელობა განპირობებულია არა მხოლოდ მისი ფართო გავრცელებით რეგიონში, არამედ იმითაც, რომ ის პირდაპირ ასოცირდება სამეგრელოს ადგილობრივი ღვინის უნიკალურ თავისებურებებთან.

ცნობილი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, ოჯალეში ვაზის მაღლარად ფორმირების გამომხატველი მეგრული სიტყვაა. „ჯა“ ნიშნავს ხეს, ხოლო „ოჯა-ლეში“ - ხეზე ასაშვებ ვაზს.

საქართველოს ამპელოგრაფიის (1960 წ.) თანხმად, სალხინოში, ცნობილი პიროვნება და მეურნე აშილ მიურატი ოჯალეშისაგან სპეციალურად ამზადებდა ღვინოს მარკით: „Odjaleche”, vignobles de S.A. madame la princesse A. Murat, რომელსაც იგი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ყიდდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღვინო 1912 წელს მიურატმა წარადგინა პარიზის სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, სადაც ის ოქროს მედალით იქნა დაჯილდოებული.

ჯიში ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით (6,0-7,0 ტ/ჰა) და საგვიანო სიმწიფის პერიოდით - ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენის შაქრიანობა 20,0-23,0 %, ხოლო ტიტრული 8,0-9,0 გ/ლ ფარგლებშია.

ოჯალეში, მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია. ღვინო ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობით, მდიდარი ჯიშური არომატით. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს.

ჭვიტილური (სინონიმები: ჭვიტილოური, ჭყვიტილური, ჩექობალი) ადგილობრივი თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშების ჯგუფს და ძირითადად, მცირედ არის გავრცელებული სამეგრელოს მევენახეობის ზონაში.

არსებული სამეცნიერო მონაცემების (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, 1960) თანახმად, წარსულში ეს ჯიში ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოს უპირატესად მთისპირა მიკრორაიონებში (წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, სალხინო და სხვა) და მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ღვინის დასაყენებლად. ჭვიტილურის ღვინო სახელგანთქმული ყოფილა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში.

ჯიში ხასიათდება საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით (8,0-8,5 ტ/ჰა) და საგვიანო სიმწიფით - ყურძენი ოქტომბრის ბოლოსთვის მწიფდება. ყურძნის წვენის შაქრიანობა 19,5-21,8 %, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 8,1-8,9 გ/ლ ფარგლებშია.

ჭვიტილური მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია. ღვინო ხასიათდება გამჭვირვალე შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობით და მაღალი საგემოვნო თვისებებით. ზოგიერთი ისტორიული მონაცემის მიხედვით ჭვიტილურის ღვინო თავისი საგემოვნო თვისებებით გვაგონებს ჩხავერის ღვინოს (ერ. ნაკაშიძე, 2018).

კოლოში ადგილობრივი წითელყურძნიანი ჯიშია, მიეკუთვნება სამეგრელო/ გურიის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ძირითადად, მცირედ არის გავრცელებული სამეგრელოს მევენახეობის ზონაში.

ეს ჯიში ხასიათდება უხვმოსავლიანობით (8,5-9,5 ტ/ჰა) და საგვიანო სიმწიფით - ყურძენი ნოემბრის დასაწყისში მწიფდება. ყურძნის წვენის შაქრიანობა 17,0-18,0 %, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 9,0-9,5 გ/ლ ფარგლებშია.

კოლოში მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია, მისგან დამზადებული ღვინო ხასიათდება ორიგინალური არომატით.

პანეში ადგილობრივი წითელყურძნიანი ჯიშია, მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშების ჯგუფს და მცირედ არის გავრცელებული სამეგრელოს მევენახების ზონაში. გასული საუკუნის დასაწყისში პანეშს, ფართობის მიხედვით, წითელყურძნიან ჯიშებს შორის ოჯალეშის შემდეგ მეორე ადგილი ეკავა (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, 1960).

ჯიში ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით 6,5-7,0 ტ/ჰა და საგვიანო სიმწიფით - ყურძენი ოქტომბრის შუა დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენის შაქრიანობა 17,0-19,5 %, ხოლო მჟავიანობა 9,0-10,0 გ/ლ ფარგლებშია.

პანეში საღვინე მიმართულების ვაზის ჯიშია. ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ოპტიმალური შემცველობით, კარგი სხეულით და ჰარმონიულობით. ჯიში შესაძლოა განიხილებოდეს როგორც პერსპექტიული სამეგრელოს მთისპირა სამხრეთის ფერდობებზე გასაშენებლად.

მაჭყვატური ადგილობრივი წითელყურძნიანი ჯიშია, მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშების ჯგუფს და მცირედ არის გავრცელებული სამეგრელოს მევენახეობის ზონაში.

ჯიში ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით 6,0-7,0 ტ/ჰა და საშუალო- საგვიანო სიმწიფით - ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენის შაქრიანობა 20,0-21,0 %, ხოლო მჟავიანობა 8,0-9,0 გ/ლ ფარგლებშია.

მაჭყვატური საღვინე მიმართულების ვაზის ჯიშია, მისგან დამზადებული ღვინო ხასიათდება ჰარმონიულობითა და სასიამოვნო საგემოვნო თვისებებით.

ცოლიკოური (სინ.: ობჩური ცოლიკოური, ცოლიკაური, მელქოს ცოლიკოური, კოხიძის ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური) ადგილობრივი თეთრყურძნიანი წამყვანი ჯიშია, მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ფართოდ არის გავრცელებული არამარტო იმერეთის მევენახეობის ზონაში, არამედ მთელს დასავლეთ საქართველოში.

ჯიში ხასიათდება საშუალო ან საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით (საშუალოდ 7,0 -10,0 ტ/ჰა), ზოგიერთი სოკოვანი დაავადებების (ჭრაქი) მიმართ გარკვეული გამძლეობით და საგვიანო სიმწიფის პერიოდით - დასავლეთ საქართველოში უპირატესად ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში, ზონების მიხედვით, შაქრიანობა 19,0-25,0 %, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 7,5-9,5 გ/ლ-ის ფარგლებშია.

ცოლიკოური მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია - შესაძლებელია დამზადდეს ფართო სპექტრის ღვინოები, როგორც კლასიკური (ევროპული), ასევე იმერული ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ ცოლიკოურისგან მზადდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ორიგინალური ღვინოები: „სვირი“ (ციცქასა და კრახუნასთან ერთად), „ტვიში“, „ლეჩხუმი“ და „ობჩა“.

გამოყენებული ლიტერატურა

ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, 1960. საქართველოს ამპელოგრაფია.

გ. ელიავა, თ. ელიავა, 1984. ძველკოლხური, უნიკალური ვაზის ჯიშთა კატალოგი.

ივ. ჯავახიშვილი, 1986. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი V.

მ. რამიშვილი, 1986. ამპელოგრაფია.

ნ. ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი.

ერ. ნაკაშიძე, 2018. მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. მეორე გამოცემა.

ლ. უჯმაჯურიძე, გ. კაკაბაძე, ლ. მამასახლიშვილი, 2018, ქართული ვაზის ჯიშები.

ნ. აბლოთია, 2024. ვაზის ქართული ჯიშების - ორბელურისა და ოჯალეშის ამპელოგრაფიული და ენოლოგიური შესწავლა. სამაგისტრო ნაშრომი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

საქართველოს ვენახების კადასტრი: 2024 წლის ანგარიში. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, 2025.

https://catalog.elkana.org.ge/