გერმანიაში, მარტის შუა რიცხვები უკვე გადალახა კალენდარმა. ზამთარი გაილია და ღვინის სეზონიც ნელა-ნელა იცვლება. კაფეების და რესტორნების ტერასებზე მზეს მიფიცხებულ ღვინის მოყვარულებს ვარდისფერი ღვინის სეზონი უკვე გაუხსნიათ. ეს ერთგვარი დასტურია იმის, რომ სხეულიანი წითელი ღვინოების ამინდები უკან დარჩა და წინ ცინცხალი ღვინოების სეზონი გველოდება.
მსოფლიო ტენდენციები
ვარდისფერი ღვინის წარმოებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილწარმოშობას, ყურძნის ჯიშს და დაყენების ტექნოლოგიას აქვს. ერთად აღებული ეს სამივე კომპონენტი ღვინის სტილისტიკას წარმოადგენს, რომელიც ხშირად, რეგიონის სამარკო ნიშანიც ხდება ხოლმე. ბოლო ათეული წლის განმავლობაში, ვარდისფერი ღვინო ე.წ დამატებითი პროდუქტიდან ცალკე დამოუკიდებელ კატეგორიაში გადავიდა. მრავალფეროვანი გახდა მისი სტილი და ფერიც, რომელიც ღია მეწამულისფერიდან მსუბუქ ვარდისფერში გადავიდა. დღეს წარმოებული როზეების დიდ ნაწილს სიმსუბუქე და სიცინცხალე ახასიათებთ.
ცნობილი ვარდისფერი ღვინოები მსოფლიოში
მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული როზე Tavel - დაცული ადგილწარმოშობის ვარდისფერი ღვინის კატეგორიას მიეკუთვნება, ღვინის რეგიონ სამხრეთ რონედან (Rhône). ფერზე მუქი ვარდისფერიდან ღია ლალისფერამდეა, სხეულიანია და საშუალო ტანინებით გამოირჩევა. კომპლექსური როზეს სტრუქტურა და სანელებლების სასიამოვნო არომატები აქვს. ღვინო გრენაშის (Grenache), სირას (Syrah) და მოურვერდეს (Mourverde) ყურძნის ჯიშებისგან იწარმოება.
როზეს წარმოების მხრივ, პროვანსი (Provance) AOC ერთ-ერთი დიდი რეგიონია მსოფლიოში. პროვანსის როზესთვის დამახასიათებელია ღია ორაგულისფერი შეფერილობა, მსუბუქი სტრუქტურა და სიცინცხალე. ღვინო მშრალი, ელეგანტური და მინერალურია. აყენებენ გრენაშის, სირას და სინსაულტისგან (Cinsault).
ესპანური ვარდისფერებიდან მაინც ორი რეგიონის - რიოხას (Rioja DOCA) და ნავარას (Navarra DOP) ღვინოები გამოირჩევა. ესპანური როსადო (Rosado) მუქი ინტენსიური შეფერილობისაა, კომპლექსური ღვინოა, მსუბუქი სანელებლებისა და კენკროვანი ხილის არომატებით. მას ტემპრანილლოს (Tempranillo) და გარნაჩას (Garnacha) ყურძნისგან აყენებენ.
Bardolino-Chiaretto (DOC) დაცული ადგილწარმოშობის ვარდისფერი ღვინოა/როსატოა ბარდოლინოდან, ღიადან საშუალო ვარდისფერ შეფერილობამდე, მსუბუქი სტრუქტურით. მის საწარმოებლად კორვინას (Corvina) და რონდინელას (Rondinella) ჯიშები გამოიყენება.
Cerasuolo d'Abruzzo ალუბლისფერი შეფერილობის ვარდისფერი ღვინოა (rosato) იტალიის აბრუცოს რეგიონიდან, რომელიც მზადდება ძირითადად (მინიმუმ 85%) მონტეპულჩიანოს (Montepulciano) ყურძნისგან. 2010 წლიდან, დამოუკიდებელი DOC სტატუსის მქონე ეს ღვინო ცნობილია თავისი მუქი ფერით, მაღალი მჟავიანობით, სტრუქტურით, ხილის და მინერალური ტონებით.
გერმანული როზეების ფერი ღიადან საშუალო ინტენსივობის ვარდისფერამდე ვარირებს. ისინი მსუბუქი, ან საშუალოსხეულიანია, კარგად გამოხატული ხილის არომატებით. მათ დასამზადებლად ხშირად შპეტბურგუნდერის (Spätbürgunder, იგივე Pinot Noir) და პორტუგიზას ჯიშის ყურძენს იყენებენ. Badischer Rotling-ი Grauburgunder-ისგან და Blauer Spätbürgunder-ისგან მზადდება.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, იტალიური ღვინის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პროსეკოს ღვინოს როზეს კატეგორია დაემატა.
ქართული ვარდისფერი ღვინოები
ჩემ მიერ პირველად გასინჯული ქართული ვარდისფერი ღვინო არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დაგემოვნება იმ დროიდან დავიწყე, როცა ამ მიმართულებით განათლების მიღებას შევუდექი. დიდი ალბათობით, ეს, მამაჩემის მიერ თავკვერის ყურძნის ჯიშისგან დაყენებული ღვინო იყო, რომელიც თავისი შეფერილობით ესპანურ როსადოს ან იტალიურ როსატოს ჰგავს ხოლმე. ათი-თხუთმეტი წლის წინ, ვარდისფერ ღვინოს ქართლში იშვიათად აყენებდნენ. თავკვერის ყურძენს, როგორც საკუპაჟე მასალას, თეთრყურძნიან ჯიშებთან - ჩინურთან და გორულ მწვანესთან ერთად წურავდნენ. თავკვერი ქართლის რეგიონის ჯიშია, რომელსაც დიდი, კუმსი მტევნები, საშუალო, მრგვალი და წვნიანი მარცვლები აქვს და მაღალმოსავლიანობით გამოირჩევა.
შეიძლება ითქვას, ქართული ვარდისფერი ღვინო რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, როდესაც ჩემმა მეგობარმა, მეღვინე სალომე სანიკიძემ, 2020 წელს, აგრარული უნივერსიტეტის მარანში მისი საბაკალავრო ნამუშევარი, 2019 წლის მოსავლის ადანასური გამასინჯა, დახვეწილი სტრუქტურის, სასიამოვნო სიცინცხალის ვარდისფერი ღვინო. ნუშის ყვავილების გულში ნაზი ვარდისფერი ტონალობა თუ შეგიმჩნევიათ, სწორედ ასეთი, საოცრად ნაზი ფერი ჰქონდა ადანასურს და არომატები, რომლებსაც ვარდისფერ ღვინოში ნაკლებად შეხვდებით - ლიჩისა და ციტრუსების. მათთან ერთად, ტყის ველური მარწყვის, ცედრის და წითელი მოცხარის.
ადანასური იმერული საგვიანო ყურძნის ჯიშია, რომელსაც მრგვალი, საშუალო ზომის მარცვლები აქვს, კანი სქელი და უხეში. გამოირჩევა კარგი მოსავლიანობით. სამწუხაროდ, საქართველოში მისგან დაყენებული ვარდისფერის კი არა, წითელი ღვინის პოვნაც ძალიან გაგიჭირდებათ.
რაც შეეხება დქართული ვარდისფერი ღვინის წარმოებას: საქართველოს კანომდებლობით, დაშვებულია ვარდისფერი ღვინოების წარმოება საღვინე ჯიშების გადამუშავებით, ან ერთი და იმავე ხარისხის (სუფრის, მხარის, ადგილწარმოშობის დასახელების) თეთრი და წითელი ღვინოების შერევით, ან თეთრი ყურძნის ტკბილის დადუღებით წითელი ყურძნის გამოუწნეხავ დურდოზე.
ქართული ჯიშების მრავალფეროვნება გვძლევს იმის საშუალებას, რომ მეღვინეებმა ვარდისფერი ღვინო რეგიონისთვის დამახასიათებელი ყურძნის ჯიშისგან აწარმოონ: კახეთში - საფერავისგან, ქართლში - თავკვერისგან, იმერეთში - ოცხანური საფერესგან, აჭარაში - ალექსანდროულისგან, აჭარასა და გურიაში - ჩხავერისგან.
ბოლო ქართული ვარდისფერი ღვინო, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა, გასულ წელს, აჭარელ მეღვინეებთან გავსინჯე. მეღვინეობა ავალიანების 2024 წლის ჩხავერის ყურძნისგან დაყენებულ ვარდისფერ ღვინოს პროვანსის სტილისტიკა ჰქონდა - ღია ორაგულისფერი შეფერილობა. საინტერესო იყო ამავე ჯიშისგან დაყენებული ვაჟა აბესაძის მარნის ნახევრად მშრალი ვარდისფერი ღვინოც.
სომელიე კოსტა ჭანტურიას თქმით, ბოლო პერიოდში, ქართველ ღვინის მოყვარულებში ვარდისფერი ღვინო დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
ბაზრის დიდი ნაწილი კახურ საფერავს უკავია, რომლისგანაც მუქი შეფერილობის, სხეულიანი როზე გამოდის. ახლა, ტენდენცია შეიცვალა და უფრო ღია ორაგულისფერ, მსუბუქსხეულიან ხალისიან ღვინოებს შეხვდებით. საქართველოში, ნახევრადმშრალი ვარდისფერიც პოპულარულია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ფერს ენიჭება. ამ ტიპის ღვინის მომხმარებელი უფრო GEN Z თაობაა. ასეთი ღვინოების მაღაზიის ფასი 25-35 ლარის ფარგლებშია.
ქართული ვარდისფერი ღვინის შიდა მოხმარება და საექსპორტო ბაზრები
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020-2025 წლებში, ვარდისფერი ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად გარკვეულ წლებში დაფიქსირებული ვარიაციებისა, მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება საწყისს პერიოდს. კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 2020 წელს შეადგენდა 48, 336 ბოთლს (36,252 ლიტრი), ხოლო 2025 წლის მონაცემების მიხედვით 1.478,276 ბოთლი დაფიქსირდა (1.108,707 ლიტრი) რაც 2024 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
ქართული ვარდისფერის ღვინის საექსპორტო ბაზრებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ღვინო გადის როგორც ევროპის, ისე აზიის ბაზრებზე: პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ტაივანი, სინგაპური, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვედეთი, სომხეთი, ჩინეთი.
წარმოებული ვარდისფერი ღვინის 90%-ზე მეტი კახეთის რეგიონიდანაა.
შიდა ბაზარზე მისი წლიური რეალიზაცია 400,000-500,000 ბოთლს შეადგენს.
ფასების თვალსაზრისით, საექსპორტო ბაზარზე მისი ღირებულება ბოთლზე 1,5-15 აშშ დოლარია, შიდა ბაზარზე კი 8-70 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასი ყურძნის ჯიშისა და პროდუქტის პოზიციონირებაზეა დამოკიდებული.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ქართული ვარდიფერი ღვინო მზარდ და პერსპექტიულ პროდუქტს წარმოადგენს, როგორც ექსპორტის, ისე შიდა მოხმარების მიმართულებით.
როზეს გლობალური წარმოება, მოხმარება, ექსპორტი, ფასი
წარმოება.
როზეს წარმოებამ მსოფლიოში, 2022 წელს, 22,5 მილიონი ჰლ შეადგინა, რითიც, წინა წელთან შედარებით, ზრდა დააფიქსირა. წარმოების რაოდენობა დიდად არ შეცვლილა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში, რომლებიც გლობალური პროდუქციის 73%-ს უზრუნველყოფენ. 2014-2023 წლებში, მსოფლიოში როზეს წარმოება 10%-ით გაიზარდა. 2023 წლის მოსავლის მიხედვით, საფრანგეთი მთავარ მწარმოებლად რჩება, რომლის წილი გლობალურ წარმოებაში 28%-ა. მას მოსდევს ესპანეთი 19 %, იტალია 10%, ამერიკის შეერთებული შტატები 15%, სამხრეთ აფრიკა 6%, სხვა 22%.
მოხმარება: მსოფლიოში როზეს ღვინის მოხმარებამ პიკს 2019 წელს მიაღწია. 2023 წელს, მისი მოხმარება შემცირდა. ამის მიუხედავად, ცქრიალა როზესთან შედარებით, ვარდნა ბევრად დაბალია. საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში მოხმარება კონცენტრირებული რჩება. საერთო ჯამში, გლობალურ წარმოებაში, როზეს მოხმარების წილი 10%-ს შეადგენს. 2022 -2023 წლებში, მსოფლიოში მოხმარებული ყოველი 10 ბოთლიდან 1 როზეა.
მსოფლიოში, როზეს იმპორტ-ექსპორტმა პიკს 2021 წელს მიაღწია, 2023 წელს კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა. მიუხედავად საერთაშორისო ვაჭრობის შემცირებისა, ვარდისფერი ღვინოები აგრძელებენ წილის ზრდას გლობალურ ვაჭრობაში. უნდა აღინიშნოს, რომ პრემიუმ ხაზის ვარდისფერი ღვინოების წარმოების ტემპი ორწლიანი ზრდის შემდეგ შენელდა. თუმცა ექსპორტზე გასული ფრანგული ღვინის რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის შემდეგ როზეს საექსპორტო ფასი თითქმის ყველა მთავარ მწარმოებელ ქვეყანაშია გაზრდილი. მაგალითად, საფრანგეთში, 2019 წელს, 0.75 ლ. როზეს ფასი 3,4 € იყო, 2023 წელს კი - 4,4 ევროა. ფასში ცვლილება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა ბელგიაში 2,6 € , კანადაში 0,30 €, უნგრეთში 0,7 €, ჩილეში 0,5 € ევრო და ესპანეთში 0,5 € . ბოლო 10 წლის განმავლობაში, ფასები გაიზარდა იტალიაში - 2019 წელს 1,5 € - 2023 წელს 1,7 €, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 2019 წელს 1,4 € - 2023 წელს კი საექსპორტო ფასმა 1,9 € შეადგინა.
საშუალო ფასი Top-საექსპორტო ქვეყნებში 2013 წელს 1,3 €, 2023 წელს კი 1,7 € იყო. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ლიდერობს საფრანგეთი, როგორც მწარმოებელი, მომხმარებელი, ექსპორტიორი ფასის მიხედვით და იმპორტიორი მოცულობის მიხედვით.
Prowein Düsseldorf 2026
Homeland of Wine-ს მთავარი თემიდან გამომდინარე, 2026 წლის Prowein-ზე, როზეს მწარმოებელი მთავარი რეგიონების ღვინოები მოვინიშნე. დეგუსტაცია მეექვსე პავლიონიდან, ესპანური როსადოებით დავიწყე. აქვე უნდა ვთქვა, რომ ესპანური როსადოს მრავალფეროვნება ქვეყნის მასშტაბის შესაბამისია. დაგემოვნებულ ღვინოებში მთავარი ჯიში ტემპრანილიო და გარნაჩა იყო. გასინჯული როსადოები, დამახასიათებელ ინტენსიურ ფერთან და არომატებთან შედარებით, წელს უფრო მსუბუქები მომეჩვენა.
ყველაზე დასამახსოვრებელი კუნძულ მალიორკის ვარდისფერი ღვინოები იყო, მსუბუქი, მინერალური, ორაგულისფერი, ელეგანტური სტრუქტურის, Manto-Negro-ს ყურძნისგან წარმოებული.
პროვანსის რეგიონის განყოფილებაში დეგუსტაციისას, მეგონა, რომ ერთ დიდ წვეულებაზე ვიყავი სტუმრად, სადაც, განათების ფოზე, ვარდისფერი ღვინის ბოთლები საოცარ დღესასწაულს ქმნიდნენ. მშრალი, ორაგულისფერი ღვინოები, რომლებმაც, ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში შემოიტანეს პროვანსული ღვინის ფერის და სტილისტიკის მოდა.
Prowein-ზე, ახალი თუ ძველი ღვინის ქვეყნების ყველა ვარდისფერი ღვინის გასინჯვა რთულია. მონიშნული სია არასდროს ეტევა დროში, თუმცა საერთო სურათი მაინც მკაფიოა: მეღვინეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა უმეტესად პროვანსის ტიპის, ღიახახვისფერ, მშრალ, ცინცხალ, ნაკლებინტენსიური ხილის არომატებიან როზეებზეა. თითქმის ერთი და იგივე პასუხი ჰქონდათ მეღვინეებს ჩილედან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ახალი ზელანდიიდან. დაბოლოს, საინტერესო იყო ბულგარული მეღვინეობა Villa Melnik-ის ღვინო მელნიკის რეგიონიდან, ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან დაყენებული. ამ ჯიშის გენიალოგიაში ერთ-ერთი შტო ქართული საფერავი გახლავთ.



