ქართველები ყოველთვის ვთვლიდით, რომ კერძის გემოების გასამდიდრებლად სხვადასხვა მწვანილისა და სანელებლის გამოყენება მნიშვნელოვანი იყო. გადავხედოთ ჩვენს კულინარიულ კულტურას - აქ, ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი სწორედ მწვანილია. განსაკუთრებით ხშირად ვიყენებთ ქინძს, პიტნას, ქონდარს, ომბალოს, კვლიავს და სხვა ქორფა მწვანილებს. მწვანილეულს სეზონურობა ახასიათებს, რის გამოც ქართველი დიასახლისი ყოველთვის იჭერდა ზამთრის სეზონისთვის თადარიგს. დღესაც, თითქმის ყველა რეგიონის ოდა სახლში ნახავთ ჭერის ძელზე ჩამოკიდებულ გამომშრალ მწვანილს - ქინძს, კამას, ქონდარს, პიტნას, წიწაკის ასხმას და არა მხოლოდ. გამომშრალ მწვანილს ხელის გულებით სრესენ და ასე მოაყრიან ხოლმე კერძებს.

მაგალითად, სამეგრელოში, დიასახლისს ყველა კერძისთვის შესაბამისი სუნელი წინასწარ აქვს მომზადებული: ლობიოს სუნელი, ხარჩოს სუნელი, პიტნიანი სუნელი, ნიგვზიანი სუნელი „კაჭაბე“. თავად სიტყვა სუნელი, სურნელისგან - სუნისგან უნდა მომდინარეობდეს. არომატებს ხომ პირველ რიგში, ცხვირით - სუნით აღვიქვამთ, შემდეგ კი გემოს რეცეპტორებით.
მეგრელი დიასახლისი დიდ ყურადღებას აქცევს სამ კომპონენტს: ვიზუალს, სურნელსა და გემოს. სურნელოვანი სანელებლების მოსამზადებლად ძალისხმევასაც არ იშურებს. თავდაპირველად გამოაშრობს ნაირნაირ მწვანილს, შემდეგ ქვით ხის როდინში ჩანაყავს (ან ხორცსაკეპში გაატარებს) და ნიორს, მარილსა და წიწაკას დაუმატებს. მის სამზარეულოში ყოველთვის იგრძნობთ განსაკუთრებულ არომატებს.
უცხო სუნელი მცენარე ულუმბოსგან მზადდება. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ეს მშვენიერი მცენარეა, რომელსაც გამომშრალი სახით ჩვენ უცხო სუნელის სახელწოდებით ვიცნობთ. ქინძთან და წიწაკასთან ერთად, სწორედ ის გახლავთ ხორცის სუნელის ერთ-ერთი ინგრედიენტი. თუ ხორცის სუნელს ქონდარს დავუმატებთ, ჯურჯანისთვის და კუპატისთვის საჭირო სანელებელს მივიღებთ. ლობიოს შესაკმაზად კი ამავე სუნელს შაშკვლავს ან ზაფრანას (იგივე ყვითელი ყვავილი, რომლის ბოტანიკური სახელწოდება ხავერდაა (marigold) უმატებენ და სრულიად ახალ გემოს იღებენ.
ხორცის სუნელი აფხაზური აჯიკის მსგავსია. თავად აფხაზური აჯიკა კი სიტყვა „აჩეი ჯიკადან“ - პური და მარილი - არის წარმოშობილი. ნებისმიერი აფხაზური სუფრა მის გარეშე წარმოუდგენელია. თავდაპირველად, პიკანტური გემოს მისანიჭებლად, წითელ წიწაკას შუა ცეცხლზე კარგად შებოლავენ (კარგად გამოშრალი და შებოლილი სიცხესაც კარგად უძლებს და დიდხანსაც ინახება), შემდეგ ახაკიაზე - ასე ქვია სპეციალურ ქვას - გახეხვით გასრესენ, ბოლოს კი ნიორს, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, მარილს დაუმატებენ და დიდხანს ურევენ. ზოგი დიასახლისი წყალსაც უმატებს და აჯიკას უფრო პასტისებურ მასად აქცევს. საქონლის ხორცთან, მამლის ხორცთან და ღომთან ერთად აჯიკა შესანიშნავი კომბინაციაა.

პიტნიანი სანელებელი მზადდება გებჟალიასთვის ან ნადუღისთვის: ცოცხალი პიტნა, ქინძი, მწვანე წიწაკა, მარილი და ზოგჯერ ნიორიც. ეს ინგრედიენტები მოხარშულ ყველში გადაიზილება და ფაფუკი საგაზაფხულო კერძიც მზად არის. იგივე სანელებელი თუ ნადუღშია გადარეული, ან ყველის ნაფშვენებთან შერეული, ეს უკვე ფუჩხოლიაა - ღომისა და მჭადის განუყოფელი მეგობარი.
ქათმის, დეკეულის ან იხვისგან მომზადებული ხარჩოს გემოვნურ თვისებებზე სწორედ სანელებლები ზრუნავს: ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, გატარებული ნიგოზი, რომელიც ცოტა წყალში ან ბულიონშია გაზავებული. ქართული კულინარია ნიგვზისა და თხილის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც ამ ორი ინგრედიენტით მომზადებულ სანელებლებს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით. მაგალითად, სამეგრელოში კაჭაბეს, ხოლო გურიაში გურულ სუნელს: ქორფა ქინძი (კაკლიანი უკეთესია), ქორფა წიწაკა, პიტნა გემოვნებით, ნიორი, მარილი და თხილი ან ნიგოზი ჩანაყული.
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ უნიკალური სვანური მარილი. მსოფლიო კულინარიაში ძალზე იშვიათია სანელებელი, რომელიც ყველანაირ კერძს უხდება - ხორცეულსაც, ბოსტნეულსაც, ცომეულსაც და ფაფეულსაც. წორედ სვანებმა შეძლეს ასეთი საოცარი და უნივერსალური საკმაზის შექმნა, რომელიც განუმეორებელი გემოთი ხასიათდება. მის დასამზადებლად მსხვილ მარილში ურევენ ნიორს, ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, კამას, ყვითელ ყვავილს, წიწაკას, რომლებსაც როდინში დიდხანს ნაყავენ, რათა ერთგვაროვანი ნოტიო მასა მიიღონ. განსაკუთრებული მნიშვნელობას ენიჭება როგორც სანელებლების მოკრეფისა და გახმობის დროს, ისე პროპორციებს. ამ სურნელოვან საკმაზს ყველა დიასახლისი თავისებურად ამზადებს და ინგრედიენტებსაც იმის მიხედვით ამატებს, რომელი კერძის შეზავებაც აქვს გადაწყვეტილი. კუპატის ან ზისხორას დამზადებისას სვანურ მარილს ქონდარი ემატება, კუბდრისთვის კი - გიცრული.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში რომ ვიმოგზაუროთ, კიდევ უფრო საინტერესო ბალახ-ბულახს შევხვდებით, მათ შორის, ბეგქონდარას, კვლიავს, წყლის ქონდარს, პიტნას. ხინკლის ინგრედიენტებად ამ სანელებლების გამოყენება სეზონზეც არის დამოკიდებული და დიასახლისის გემოვნებაზეც. ზოგი იტყვის: კვლიავის გარეშე ხინკალი რა ხინკალია, ქონდრის გარეშე ყაურმა არ იჭმევა, ბოზბაში პიტნის გარეშე გემოს უჩივის, შილა ფლავი ძირას გარეშე არ მიირთმევაო.
მესხეთში რომ ვიმოგზაუროთ, აუცილებლად წავაწყდებით დარიჩინს, რომელიც სავარაუდოდ, აღმოსავლური კულტურიდან შემოსული და დამკვიდრებული უნდა იყოს. მას გურიაშიც ვხვდებით - გურულ საცივს სწორედ მიხაკ-დარიჩინი აქცევს მდიდრული გემოების სადღესასწაულო კერძად. ამ სანელებელს სხვა გურულ კერძებში ვერ შევხდებით.
აღმოსვლეთიდან შემოსული და დამკვიდრებული უნდა იყოს სუმახი, იგივე თუთუბო, რომელიც ხშირად კოწახურში ერევათ. გამომშრალი სუმახი ძალიან უხდება ქაბაბს და ხორციან კერძებს.

საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში გადიოდა სატრანზიტო გზა, რომლითაც დარიჩინისა და თუთუბოს მსგავსად, ბევრი სხვა სანელებელი შემოდიოდა. მათ შორის, შავი პილპილი, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართულ კულინარიაში. მას ვიყენებთ როგორც ხინკალზე მოსაყრელად, ისე კერძების გემოსა და არომატის გასაძლიერებლად (აღმოსავლეთ საქართველოში) და დესერტებშიც კი - აჭარულ მაჯუნში სწორედ შავი პილპილია მთავარი პერსონაჟი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შავი პილპილისა და ტბილი კერძების ტანდემი ქართულ კულინარიაში საუკუნეებს ითვლის.



