თუ კაკაბეთში თბილისიდან მიდიხართ, სოფლის შესასვლელიდან მალევე, თქვენგან მარცხნივ საოცარი ფერწერული სივრცე იშლება - ორმოც ჰექტარზე ზღვასავით გადაჭიმული ვენახების ტალღა, სადაც იბადება მეღვინეობა 6000 B.C.-ს ღვინოები.

არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მეღვინეობა 6000 B.C. თავისი ექვსი სახეობის ღვინით ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა. 2024 წლიდან დღემდე წარმოდგენილმა ამ პროდუქციამ მალევე მიიპყრო ყურადღება გამორჩეული ვიზუალური იდენტობითა და იმ თანამედროვე ესთეტიკით, რომელსაც ღვინის მოყვარულები ეძებენ.

6000 B.C.


ეს ღვინოები იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხედვა სრულ ჰარმონიაშია. ჭიქაში ისინი სრული თავდაჯერებულობით ცოცხლდება, კერძებთან კი ისეთ დახვეწილ წყვილებს ქმნის, რომ თავიდანვე ცხადი ხდება - საქმე არა უბრალოდ ღვინოსთან, არამედ ღრმად გააზრებულ, მთლიან ფილოსოფიასთან გვაქვს.

როდესაც ბოთლს ხელში იღებთ, ხვდებით, რომ ეს მხოლოდ სასმელი არ არის - ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა, რომლისკენაც კარი სწორედ ღვინის გავლით იღება. ეტიკეტზე დატანილი მრგვალი ღიობი, რომელშიც აუცილებლად უნდა ჩაიხედოთ, საქართველოს რვაათასწლიანი უწყვეტი მეღვინეობის კულტურას აცოცხლებს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000, ხოლო ჩვენი წელთაღრიცხვით 2000 წელს ითვლის. სწორედ ამიტომ აირჩიეს ავთო ჭეიშვილმა და სალომე ჩიქოვანმა თავიანთი მეღვინეობის სახელწოდებად 6000 B.C.

6000 B.C.


ავთოს საქმისადმი მიდგომა ძალიან გულწრფელია. რამდენჯერაც ღვინოების დასაგემოვნებლად თუ შეფასებებზე სასაუბროდ შევხვდით, იმდენჯერვე ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. მამა ექიმი იყო და პროფესიით მეღვინეობასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საქართველოში ღვინის დაყენება ყველას ისედაც გენსა და სისხლში გვაქვს. ავთო დიდ პასუხისმგებლობას ატარებს: მამის ხსოვნისადმი პატივისცემით დაწყებული ეს საქმე უკვე აქცია შედეგად, რომელიც 6000 B.C.-ს საინტერესო ღვინოებშია თარგმნილი. ძალიან ჯანსაღი და ურყევი ამბიცია აქვს: სურს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, მსოფლიო ღვინის რუკაზე თავისი კუთვნილი და ღირსეული ადგილი ეჭიროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი მეღვინეობაც, რომელიც თანამედროვე და უკომპრომისოდ მაღალი ხარისხის ღვინოებს ქმნის.


კაკაბეთის ვენახები, როგორც მწვანე ზღვის ტალღები მზიან ფერდობზე

ზაფხულის მცხუნვარე დღეების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული მქონდა - უნდა გვენახა ვენახი, საიდანაც ეს ღვინოები იბადება. ადგილზე ჩასულებს ავთო და სალომე, მათთან ერთად კი თემურ მეურმიშვილი დაგვხვდა - აგრონომი 45-წლიანი გამოცდილებით. ბუნებრივად დახრილი ფერდობის ყველაზე მაღალ ადგილას ავედით და იქიდან გადმოვხედეთ 40 ჰექტარზე მწვანე ზღვასავით გადაჭიმული ვენახების ტალღას. აქედან 32 ჰექტარი მწვანეს უკავია, დანარჩენი საფერავს, რქაწითელს და ასევე იშვიათ ქართულ ენდემურ ჯიშებს - ბუდეშური საფერავი, თამარის ვაზი, ჩიტისთვალა, კახური მცვივანი, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით.

6000 B.C.


ეს ვენახები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (გარე კახეთი) სოფელ კაკაბეთში მდებარეობს - ერთ-ერთ გამორჩეულ მევენახეობის არეალში, სადაც ბუნებრივი პირობები მაღალი ხარისხის საღვინე ყურძნის მისაღებად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. კაკაბეთი, სხვა სოფლებთან ერთად, მანავის მევენახეობის სპეციფიკურ მიკროზონაში შედის. აქაური კლიმატი, ქვიანი, ურწყავი ნიადაგები ხელსაყრელია ისეთი გამორჩეული ჯიშების მოსაყვანად, როგორიცაა მწვანე და საფერავი.

ავთოს და სალომეს ეს ვენახები 20-22 წლისაა. აქაური ურწყავი მიწები ვაზს აიძულებს, ფესვთა სისტემა ნიადაგის ღრმა ფენებში განავითაროს, რაც მაღალი ხარისხის მოსავლის წინაპირობაა. სწორედ ხარისხის აბსოლუტური პრიორიტეტიდან გამომდინარე, თითოეულ ჰექტარზე მოსავლიანობა მიზანმიმართულად შეზღუდულია 6-7ტონამდე, რაც გამოცდილი მევენახის, თემურის მკაცრი მეთვალყურეობით კონტროლდება.

6000 B.C.


წელიწადში უკვე 20 000-ზე მეტი ბოთლი ღვინის წარმოების მიუხედავად, 6000 B.C. არ ცდილობს მხოლოდ კომერციულ წარმატებაზე ორიენტირებას. ეს არის თანამედროვე ქართული ღვინოები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სახეს ღირსეულად აყალიბებს. ამ ყველაფრის მიღმა კი დგას პროფესიონალების გუნდი - ადამიანები, რომელთა ერთობლივი შრომის შედეგადაც იქმნება ეს ღვინოები.

6000 B.C.


როგორც აღვნიშნე, აქაურობა საუკეთესოა მწვანისა და საფერავის ჯიშის ყურძნის მოსაყვანად. ამ ჯიშებისგან 6000 B.C.-ის მიერ წარმოებული ღვინოების შესახებ ვსაუბრობთ მეღვინეობის პროფესორ დავით ჩიჩუასთან და ენოლოგიის მაგისტრ გიორგი სამანიშვილთან.


6000 B.C.-ის მანავის მწვანე | 2024 წელი | კაკაბეთი

დავით ჩიჩუა: „როგორ იბადება დიდი ღვინო? დიდი ღვინის დაბადებას აუცილებლად სჭირდება ტერუარისა და ადამიანის შეხვედრა. არ არსებობს დიდი ღვინო ტერუარის და ადამიანური ფაქტორის გარეშე. ადამიანი კი აუცილებლად უნდა მოქმედებდეს ენთუზიაზმით, სიყვარულით, ცოდნით და ტრადიციების ჯანსაღი გააზრებით.

საქართველო 8000-წლიანი მეღვინეობის ისტორიის ქვეყანაა, რაც ჩვენთვის პატივიცაა და გარკვეულად ტვირთიც, რადგან ეს მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა ბევრი მეღვინისთვის ქმნის ჩარჩოს, რომლის მიღმაც უჭირს მოქმედება. კარგია, რომ 6000 B.C.-ში ტრადიციების პატივისცემა არ იქცა მეღვინისთვის ასეთ ჩარჩოდ.

6000 B.C.


მანავის ტერუარი, კაკაბეთის ურწყავი ვენახები - ძალიან ზომიერი დატვირთვით და ჯანმრთელი ყურძნით, პლიუს ადამიანი, რომელმაც ტრადიციების პატივისცემა არ აქცია ტვირთად, პირიქით, ძალიან გაბედულად და თამამად შეძლო თანამედროვეობის ინტეგრირება ჩვენს 8000 წლიან ისტორიაში. შედეგად შეიქმნა ღვინო, რომელიც ერთის მხრივ ტერუარის ხასიათის მაჩვენებელი, მეორე მხრივ კი იმ ტექნოლოგიის შედეგია, რომელიც მეღვინემ, ავთო ჭეიშვილმა შეარჩია."

6000 B.C.



6000 B.C.-ის საფერავი | 2023 წელი | კაკაბეთი

გიორგი სამანიშვილი: "დაახლოებით 40-50 წლის წინ ეს მხარე საფერავისთვის არც ისე კარგ ტერუარად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების გამო საფერავის დარაიონებამ ცოტა ზემოთ აიწია. დღეს, გარე კახეთში, იქნება ეს საგარეჯო, კაკაბეთი თუ მანავი - ზუსტად ასეთი, ნაზი, არომატული და ამავდროულად ძლიერი საფერავები გვხვდება.

6000 B.C.6000 B.C.


კაკაბეთის მიკრორაიონი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საფერავის მოსაყვანად, რაც ამ ღვინოშიც იგრძნობა. 2023 წლის მოსავალია და ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს მეწამული ელფერი და ანარეკლი, რაც ნიშნავს, რომ ღვინო განვითარდა, მაგრამ არ დაუკარგავს ახალგაზრდა ღვინის მუქი ფერი და ტონალობა. არომატებში კარგად არის გამოხატული კენკრა, მაყვალი, თუთა, თუმცა უფრო ტკბილი, ჩირის და მურაბის ტონებში გადასული. როდესაც ამ ღვინოს აგემოვნებთ, გრძნობთ ტანინებს. დიახ, ეს ღვინო მაინც ტანინებზეა ორიენტირებული, მაგრამ ისინი ძალიან კარგად არის შევსებული ხილის არომატებით. ღვინოში გრძნობთ მუხის კვალსაც, მაგრამ ძალიან მსუბუქად და სასიამოვნოდ. მიირთმევთ და გრძნობთ, რომ არაფერია ზედმეტი - კარგ მჟავიანობასა და ალკოჰოლს ჰარმონიულად მიჰყვება არომატები და სრულდება ხანგრძლივი დაბოლოებით. ეს ღვინო შესანიშნავი ნიმუშია იმის, თუ რამხელა პოტენციალი აქვს კაკაბეთს, მანავს და მთლიანად გარე კახეთს საფერავისთვის."


იშვიათი ენდემური ჯიშები, როგორც მომავლის ინვესტიცია

კაკაბეთის ვენახებში რამდენიმე საათი დავყავით. ჯერ კიდევ მწვანეს რიგებს მივუყვებოდით, როდესაც ავთომ და თემურმა საუბარში თამარის ვაზი ახსენეს. ამას მოჰყვა ჩიტისთვალას და შავი რქაწითელის ხსენება. ამასობაში იმ ორ ჰექტარსაც მივუახლოვდით, სადაც ეს იშვიათი ჯიშები აქვთ გაშენებული. აქ ხარობს შავი რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, კახური მცვივანი, ჩიტისთვალა და თამარის ვაზი - სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ენდემური ჯიში, რომელიც გარე კახეთის ნიადაგზე სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს. აქვეა ბუდეშურისებრი საფერავიც (ამ ჯიშის ორი ვარიაციიდან - მრგვალმარცვალა და გრძელმარცვალა, აქ გრძელმარცვალა ვარიაციაა გაშენებული).

6000 B.C.


ჩემს შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს იშვიათი ჯიშების გაშენება, ავთომ ამჯერადაც ძალიან გულწრფელი პასუხი დამიბრუნა: “თუ თითოეული ჩვენგანი შეძლებს, რომ ცოტ-ცოტათი მაინც დავაბრუნოთ და ავაღორძინოთ ეს გადაშენებული ჯიშები, ქართული მეღვინეობის პოტენციალი სრულიად სხვა მასშტაბით გაიხსნება. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი.”


ექვსი ისტორია ბოთლში

6000 B.C.-ის პორტფოლიო აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე ქვევრის და კასრის ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს, რომლებიც თბილისში ასამდე ობიექტში - ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა და მაღალი კლასის კვების ობიექტებშია წარმოდგენილი. ქვეყნის გარეთ კი - ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, ესტონეთსა და ლატვიაში. ავთოს და სალომეს უახლოეს გეგმებშია საექსპორტო ბაზრების გაფართოება.

6000 B.C.


6000 B.C.6000 B.C.6000 B.C.


მანავი | თეთრი მშრალი კლასიკური ღვინო

კლასიკური მეთოდით დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო საუკეთესოდ წარმოაჩენს მანავის მიკროზონის უნიკალურ ტერუარსა და მწვანეს ჯიშის ბუნებრივ ელეგანტურობას. ხასიათდება ნათელი ჩალისფერი შეფერილობითა და თეთრი ბლის, ციტრუსის ცედრისა და მინდვრის ყვავილების ნაზი არომატებით. გემო ჰარმონიული და ცოცხალია, ხანგრძლივი და გამაგრილებელი დაბოლოებით. იდეალურად ეხამება ზღვის პროდუქტებს, თევზს და ახალ ყველს.


მწვანე ქვევრი | ქარვისფერი მშრალი ღვინო

ტრადიციული ქართული ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ქარვისფერი მშრალი ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერილობითა და გადამწიფებული ხილის, კომშის, ჩირების, თაფლისა და მსუბუქი კარამელის მდიდარი ნოტებით. სრულსხეულიანი, რბილი ტანინებისა და მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე ღვინო შესანიშნავად წყვილდება ტრადიციულ ქართულ კერძებთან და დაძველებულ ყველთან.


მწვანე | თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო

კლასიკური მეთოდით დაყენებული ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო, რომელშიც მწვანეს ჯიშის ბუნებრივი არომატულობა იდეალურ ბალანსშია სიტკბოსთან. გამოირჩევა ანანასის, მანგოსა და მწიფე ატმის ტროპიკული არომატებით. გემო რბილი და ხავერდოვანია. ღვინო იდეალური წყვილია ხილის დესერტებთან და აზიურ კერძებთან.


საფერავი | წითელი მშრალი ღვინო

კლასიკური მეთოდით დაყენებული წითელი მშრალი ღვინო, რომელიც ავლენს საფერავის სიმდიდრესა და ინტენსიურ ხასიათს. ლალისფერ-ალუბლისფერ შეფერილობას ავსებს მაყვლის, შავი ალუბლისა და პიტნის დახვეწილი ნიუანსები. სხეულიანი, წვნიანი და დაბალანსებული გემო შესანიშნავად ერწყმის წითელ ხორცსა და მწვადს.


მუკუზანი | წითელი მშრალი ღვინო

მუხის კასრში დავარგებული პრემიუმ კლასის წითელი მშრალი ღვინო, მწიფე მაყვლის, ალუბლის ჯემის, შავი ქლიავისა და ვანილის ელეგანტური ტონებით, რომლებიც ქმნიან მრგვალ, სრულსხეულიან და დახვეწილ სტრუქტურას. ღვინო იდეალური წყვილია სტეიკებთან და ნანადირევთან.


მაღრაანის ქისი | ქარვისფერი მშრალი ღვინო

ტრადიციული ქვევრის მეთოდით დაყენებული ქარვისფერი მშრალი ღვინო. თეთრი ხილის, ჩირისა და თაფლის ნოტებთან ერთად გამოირჩევა ქვევრში ხანგრძლივი მაცერაციის შედეგად მიღებული მძლავრი, სტრუქტურული ტანინებითა და შთამბეჭდავი დაბოლოებით.