კოლხური წითელი ხოხბებისა და მეგრული ოჯალეშის ისტორია

არგვანის მარანში

აბედათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია მარტვილი რაიონში, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე. აქ მდებარეობს აბედათის ციხე-სიმაგრე, რომელიც მრავალშრიანი ძეგლია. მისი უძველესი შრე IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ქართველი არქიტექტორისა და ხელოვნებათმცოდნე პარმენ ზაქარაიას მოსაზრებით, აბედათის ციხის უძველესი ნაწილი ისტორიული ონოგურისია (ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი). უფრო მოგვიანებით აქ აგებულ ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ. ციხე-დარბაზის ქვედა ნაწილშია შემონახული ქვევრების ფრანგმენტები, რაც მოწმობს მარნის არსებობას. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ციხე-სიმაგრის გალავნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძვ. წ. III-I საუკუნეების კერამიკული მასალა, ასევე დასავლეთ საქართველოს XIII-XIV საუკუნეების კირმანეული (დასავლურ-ქართული ვერცხლის ფული). ციხის გალავნის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც IX საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხე-სიმაგრიდან კოლხეთის დაბლობზე პანორამული ხედი იშლება. ამ საოცარი სანახაობის ფონზე, მეღვინე ხატია ჯახუა აბედათის სტუმრებს თავის მარანში დაყენებული ოჯალეშით უმასპინძლდება და ციხე-სიმაგრის, მეგრელი თავადების, კოლხური წითელი ხოხბებისა და ადგილობრივი ჯიშების შესახებ უყვება. ეს მეღვინე ქალი გამორჩეულად საინტერესო პერსონაჟია თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში.

სოფელ აბედათში მდებარეობს საოჯახო მეღვინეობა არგვანი, რომელსაც ხატია ჯახუა და მის ძმა, ბესიკ ჯახუა უძღვებიან, ოჯახთან ერთად. ერთ-ერთი საუკეთესო მეგრული ჯიში - ოჯალეში აქვთ გაშენებული და მისგან ოსტატურად ამზადებენ ღვინოს, როგორც ტრადიციული ქართული მეთოდით (ქვევრი), ისე კლასიკური წესით. ამ ჯიშთან მუშაობა არცთუ ადვილია, საუკეთესო შედეგის მიღწევა კი საკმაოდ რთული. არგვანის შემთხვევაში, საქმე ერთ-ერთ საინტერესო ოჯალეშთან გვაქვს, ამიტომ ამ ღვინის დაგემოვნებას აუცილებლად გირჩევთ. თუმცა მარანი მხოლოდ ოჯალეშით არ შემოიფარგლება და ადგილობრივ ბაზარზე სხვა ღვინოებითაც არის წარმოდგენილი.

აბედათის, არგვანის, აქური ღვინოების, მეგრული ტრადიციების, კულტურის და რა თქმა უნდა, მეღვინე ხატია ჯახუას შესახებ გიყვებით, რომელიც საოჯახო მემკვიდრეობის ერთგული მცველია.

ხატია ჯახუა პროფესიით მხატვარ-რესტავრატორია. ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაცია მისი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. საოჯახო მარან არგვანის ლოგოტიპად ქცეული კოლხური წითელი ხოხობიც სწორედ ფრესკაზე აქვს აღმოჩენილი, მარტვილის მონასტერში.

“2008 წელი იყო, ჩვენს ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა. მე და ჩემი მეგობრები შეუშინებლად ვიდექით ხარაჩოებზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლის - მარტვილის ტაძრის უნიკალური ფრესკების კონსერვაციაზე ვმუშაობდით. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი საოცარი დეტალია თითოეულ ფრესკაზე, რომლებიც მნახველისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება. თუნდაც გიორგი ჩიქვანის, სევდია მიქელაძის და მათი ვაჟის ოტია ჩიქვანის ფრესკები (XVII საუკუნე) და მათი შესამოსლები, საოცარი ორნამენტებითა და ნაქარგობებით. ანდა სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანის დის, მარიამის ფრესკა - ულამაზესი შესამოსელითა და ყელსაბამით. ამავე ტაძარშია ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი - ხვარაშანის (ლიპარტიანის ქალი ხვარაშანი) ფრესკა. მის კაბაზე კოლხური წითელი ხოხბებია გამოსახული. შეუძლებელია, მარტვილის ტაძარში მისულმა ეს ფრესკა ნახოთ და გულგრილი დარჩეთ.

კოლხური ხოხობი წითელ წიგნში შეტანილი სახეობაა. ეს ფრინველები ჩვენს სოფელში დღესაც ბინადრობენ. სწორედ ხვარაშანის შესამოსელზე გამოსახული კოლხური წითელი ხოხობი იქცა ჩვენი საოჯახო მარნის - არგვანის სიმბოლოდ და ლოგოტიპად. ასე ვუყვებით ჩვენს მომხმარებლებს ისტორიას ქართველ ქალებზე, ქართულ ულამაზეს სამოსზე, ჩვენს მხარეზე, სოფელზე და, რა თქმა უნდა, მეღვინეობის დიდ ტრადიციებზე. ეს ყველაფერი კი ერთმა კოლხურმა ხოხობმა შეგვაძლებინა - სახეობამ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კუთხის ბინადარია,” - ამბობს ხატია.

არგვანის ისტორია

(არგვანი მეგრულად ქვევრს ნიშნავს)

სოფელ აბედათში, იმ ადგილს, სადაც ხატიას ოჯახს ვენახი აქვს გაშენებული, არგვანი ეწოდება.

“ჩვენი მარნის ისტორია ბაბუას და ვაზის მიმართ მის განსაკუთრებულ სიყვარულს უკავშირდება. ბაბუა ინჟინერ-არქიტექტორი იყო, მაგრამ უსაზღვროდ უყვარდა ვაზი. ვენახიც გააშენა. მახსოვს, როგორ დგებოდა ყოველ დილით და ვენახებში გაივლიდა, რადგან ამის გარეშე ცხოვრება ძნელად წარმოედგინა. ჰყავდა მევენახეც, მეღვინეც. რთველში მთელი ოჯახით ვიყავით ჩართული - საწნახელში ყურძენს ოთხივე და-ძმას გვაწურინებდნენ. დილაობით, ბაბუა და მე ქვევრებში დუღილის პროცესს დავხედავით ხოლმე და მაჭარსაც ვუსინჯავდით გემოს. მერე იყო აფხაზეთის ომი (1992-1993 წლები), ვენახისთვის აღარავის ეცალა. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ ვენახი განადგურდა, მაგრამ მისი ოცნება არ მომკვდარა.

რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა ძმამ ამ ოცნების ხორცშესხმა დავიწყეთ და ვენახი გავაშენეთ ჩვენი სოფლის სწორედ იმ ადგილას, რომელსაც არგვანი ეწოდება. აქ დღესაც შემორჩენილია ძველი ნავენახარის და ქვევრების კვალი. ეს ადგილი ერთგვარად, საკრალური მნიშვნელობის მატარებელია ჩემთვის, ამიტომაც ჩვენი მარნის სახელწოდებად სწორედ არგვანი შევარჩიეთ. ამ მიწაზე

ჯერ ოჯალეში დავრგეთ, შემდეგ ჭვიტილური - ამ თეთრყურძნიანი მეგრული ჯიშის შედეგებს ღვინის სახით მალე წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებლებს. სამეგრელოს ნიადაგები შემადგენლობით ძალიან წააგავს ახალი ზელანდიისას, ამიტომ გავრისკეთ და სოვინიონ ბლანიც შევმატეთ ჩვენს ვენახს. დღეს, ეს სამი ჯიში ორ ჰექტრამდე ფართობზე გვაქვს გაშენებული. მომავალში კიდევ ერთი იშვიათი მეგრული წითელყურძნიანი ჯიშის - მაჭყვატურის გაშენებას ვგეგმავთ. ამ ჯიშისგან უფრო თხელსხეულიანი ღვინო მიიღება, ვიდრე ოჯალეშისგან. აქვს შავი კენკრის არომატები, მსუბუქი სხეული და მაღალი მჟავიანობა.”

ოჯალეში სამეგრელოს წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან საუცხოო ღვინო დგება. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მუქი ლურჯი ან თითქმის შავია, საკმაოდ სქელკანიანი. კანი რბილობს ადვილად სცილდება. დაფარულია ნაფიფქით. საკმაოდ წვნიანია. ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი წითელი შეფერვა, ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა. სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად, აქვს დავარგების დიდი პოტენციალი. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო არომატებს. ოჯალეში ძირითადად გამოყენებულია წითელი ნახვერად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად სამეგრელოში, მაგრამ ჯიშს მოეპოვება კარგი პოტენციალი წითელი, მშრალი ღვინოების დასამზადებლად. ოჯალეშის სუსტია სოკოვანი დაავადებების მიმართ. განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. ჯიში სამეგრელოში ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება.

ჭვიტილური სამეგრელოს თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება მაღალხარისხოვან საღვინე ჯიშთა ჯგუფს. ჭვიტილური მასობრივად იყო გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა სოფლებში - წალენჯიხა, კორცხელი, ნაკიფუ, ჩხოროწყუ, საჩინო, მუხური, გეგეჭკორი, თამაკონი, სალხინო და სხვა. დღეს, ამ ჯიშს იშვიათად ვხვდებით.

სამეგრელოს, ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი ისტორია აქვს. თუმცა ეს დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ვენახების მასობრივი გაჩეხვა დაიწყო და ნაცვლად მარცვლეული კულტურები გაშენდა. მიღებული რთული შედეგები სამეგრელოში დღემდე იგრძნობა. გადაშენებულად ითვლება ჯიშების დიდი ნაწილი. ადგილობრივი მეღვინეები აქტიურად ცდილობენ მათ მოშენებას და ღვინის წარმოებას. მათგან ერთ-ერთი არგვანის მარანია, რომელიც თავის ისტორიას 2021 წლიდან ითვლის - 8 ქვევრით, რამდენიმე ჯიშით და ღვინოებით, რომლებმაც ღვინის მოყვარულებს უკვე დაამახსოვრეს თავი.

“როგორც იცით, სამეგრელოში თეთრყურძნიანი ჯიშებით არ ვართ განებივრებულები - ამბობს ხატია - ამიტომ ეს დანაკლისი მეზობელი რეგიონის, იმერეთის ჯიშებით შევავსეთ და ჩვენი მარნის ღვინოების ასორტიმენტს ციცქა და კრახუნა შევმატეთ. 2023 წლის ციცქამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ჩვენთვის იმერულ ჯიშებთან მუშაობის მოტივაციად იქცა. წითელი ღვინის მიმართულებას მეგრული ჯიშებით ვავითარებთ, თეთრებისთვის კი იმერულ ჯიშებს ვიყენებთ.”

არგვანის ღვინოები:

ოჯალეში, 2023 წელი, წითელი მშრალი ღვინო, დამზადებული ტრადიციული მეთოდით ქვევრში. ლალისფერი შეფერილობის, მაღალი მჟავიანობის, წითელი კენკროვანი ხილის არომატებით.

ოჯალეში, 2024 წელი, წითელი მშრალი ღვინო, დამზადებული კლასიკური მეთოდით. ლალისფერი შეფერილობის, გემოზე დაბალანსებული, ჰარმონიული, კენკროვანი ხილის და სანელებლების არომატებით.

კრახუნა, 2024 წელი. თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებული კლასიკური მეთოდით. ჩალისფერი შეფერილობის, სასიამოვნო მჟავიანობით, გამოხატული ცისტრუსის და მინდვრის ყვავილების არომატებით.

ციცქა, 2023 წელი, თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებული კლასიკური მეთოდით. ჩალისფერი შეფერილობის, მაღალმჟავიანი, ცინცხალი, გამოხატული თეთრი ხილის სასიამოვნო არომატებით.

ვიდრე არგვანის ვენახებში ძირძველი მეგრული ჯიშები ძალას მოიკრებს და ახალ ღვინოებად იქცევა, მანამდე აუცილებლად გაჰყევით ხატია ჯახუას აბედათის ციხე-სიმაგრეზე და დააგემოვნეთ მისი ოჯალეში - არაფერი შექმნის თქვენსა და სამეგრელოს, ამ ულამაზეს მხარეს შორის, იმაზე ძლიერ კავშირს, ვიდრე ამ ღვინოს შეუძლია.