ღვინის მოხმარების კლება მსოფლიო მასშტაბით ძალიან თვალსაჩინოა და ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება - ბოლო ათწლეულში ბაზარი გაჯერდა კოქტეილებისა და ლიქიორული სასმელების ფართო არჩევანით, რამაც ღვინოს ახალი და მასშტაბური კონკურენცია შეუქმნა. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - თანამედროვე თაობა უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარს, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების სტილის ტრენდთან. დაინინგის კულტურის ტრანსფორმაცია - თუ ადრე ღვინო მაღალი კლასის რესტორნებთან ასოცირდებოდა, დღეს, მოხმარებამ არაფორმალურ სივრცეებშიც - ბისტროები და ღვინის ბარები - გადაინაცვლა.

ღვინის მოხმარების ახალი კულტურა
თანამედროვე რეალობაში ღვინო კარგავს „ელიტურ“ ასოციაციებს. ის აღარ არის მხოლოდ „თეთრი სუფრისა“ და სერვისის ატრიბუტი. ღვინის მოხმარება იმატებს ბისტროებში, გასტრონომიულ ბარებსა და სივრცეებში, სადაც მთავარი აქცენტი სიმარტივესა და კომფორტზეა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისახება სტატისტიკაზეც: მაგალითად, თუნდაც ბორდოში, ანდა ავსტრალიის კონკრეტულ რეგიონებში, სადაც კლასიკური ღვინის წარმოებაა დომინანტური, გაყიდვების მაჩვენებელი შემცირებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კლასიკური მოდელები ვეღარ პასუხობენ ახალი თაობის მოთხოვნებს.
თანამედროვე მომხმარებელისთვის მთავარი ემოციური გამოცდილებაა. ის ყიდულობს არა უბრალოდ სასმელს, ის ყიდულობს ემოციას, რომელიც ღვინოს მოჰყვება. აინტერესებს, როგორ არის მოვლილი ვენახი, მეღვინის მიდგომები, ოჯახის ისტორია, რომელიც ღვინოს ქმნის. არჩევანს აკეთებს ბუნებრივ ღვინოებზე, პეტ-ნატებზე, ვარდისფერ ღვინოებზე.
უნდა აღვნიშნო ბუნებრივი ღვინოების მიმართ ინტერესის მკვეთრი ზრდა. ეს ტენდენცია სრულ ჰარმონიაში მოდის ე.წ. „ქრაფთ“ სამზარეულოსთან. ქუჩის კვების კულტურა - პიცა, ბურგერები ან თუნდაც მექსიკური სამზარეულო, ბუნებრივ ღვინოებთან ერთად ქმნის იმ ახალ კონცეფციას, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის ყველაზე ახლოსაა და გასაგებია.
დიახ, დღეს, ღვინო თავისუფლად თანაარსებობს თანამედროვე გასტრონომიულ კულტურასთან: მრავალფეროვანი ქუჩის კვების ობიექტები, ბისტროები და გასტრონომიული ბარები ღვინის დეგუსტაციისთვის საუკეთესო სივრცეებად იქცა. სწორედ ამიტომ, ჩვენც დავარღვევთ სტერეოტიპებს და ვისაუბრებთ ღვინისა და კერძების ისეთ წყვილებზე, რომლებშიც ღვინო შესანიშნავად ერწყმის ნაკლებად ფორმალურ კერძებს.
ახალი თაობის მოთხოვნები და ღირებულებები
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი თაობის მომხმარებელი კარგად არის შეიარაღებული: თანამედროვე ტექნოლოგიები და სოციალური პლატფორმები ამა თუ იმ ღვინის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიების საშუალებას იძლევა. ეს თობა ეძებს ახალ, აქამდე გაუსინჯავ გემოებს. სწორედ აქ იხსნება შესაძლებლობა ისეთი რეგიონებისთვის, როგორიც საქართველოა, რათა ჩვენი უძველესი კულტურა თანამედროვე მომხმარებელს ახალი ხმით გავაცნოთ და ახალი აღმოჩენის ემოცია შევთავაზოთ.
ასეთი მომხმარებლისთვის ღვინის არჩევანი არ ეფუძნება მხოლოდ მრავალსაუკუნოვან ისტორიას ან მაღალ ფასს. ის ეძებს ავთენტურობასა და მდგრადობას. უპირატესობას ანიჭებს ღვინოს, რომელიც ბუნებრივი მეთოდებით მოვლილი ვენახებიდან იწარმოება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეტიკეტის დიზაინი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს არჩევანის გაკეთებაში. ხშირად, სწორედ პირველი შთაბეჭდილება და ვიზუალური მიმზიდველობა განაპირობებს ღვინის შეძენის გადაწყვეტილებას.
გამოწვევები ქართული მეღვინეობებისთვის
ვფიქრობ, ქართველმა მწარმოებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ გლობალური ტრენდები. ქვევრი ჩვენი უნიკალური ნიშაა, თუმცა ის არ არის ყოველდღიური მოხმარების ერთადერთი ღვინო. ქვევრის პარალელურად, სასურველია, მაღალი ხარისხის სხვა სტილის ღვინოების წარმოებაც - თეთრი მშრალი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები, ასევე ტრადიციული მეთოდის ცქრიალა ღვინოები.
ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენების გარდა, თანამედროვე გასტრონომიულ ფესტივალებსა და ღონისძიებებზე უნდა მოხდეს, სადაც ხაზგასმული იქნება ღვინის მოხმარების და კერძებთან შეხამების კულტურა.
გასტრონომიული წყვილები: ახალი მიდგომა
თანამედროვე მომხმარებლისთვის ღვინო კვების კულტურის განუყოფელი ნაწილია. სთრით ფუდი, პიცა, ბურგერები ან აზიური სამზარეულო ღვინოსთან შეხამების ახალ, საინტერესო სივრცეებს ქმნის. მათგან პიცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოშიც და საქართველოშიც. Pazza-ს პიცა გემოებისა და არომატების საინტერესო კომბინაციით და საავტორო მიდგომებით გამოირჩევა, ამიტომ Gourmet-ს კატეგორიაში უფრო გადის, ვიდრე სტანდარტული “სთრით ფუდის”.
აპერიტივი და აპეტაიზერი
Pazza-ს პიცა ობიანი ყველით და ტარხუნით აერთიანებს საინტერესო გემოებს, რომლებიც საუკეთესოა ღვინოსთან შესახამებლად: ცომის სიხრაშუნე და ჰაეროვნება, ობიანი ყველი - უმამის, მარილიანობის და ოდნავი სიმჟავის გამოხატულებით, პომიდვრის სოუსი და ქართული ელემენტი - ტარხუნა, რომელიც ყველა ამ გემოს უფრო აძლიერებს. ასეთ პიცასთან კარგი წყვილია დასავლეთ სიცილიის სანაპიროზე, სამი ტბის ნაკრძალში (სამი ტბის ნაკრძალი - ადგილწარმოშობის დასახელება) გაშენებული ზიბიბოს ჯიშის ვენახიდან წარმოებული ღვინო, რომელიც დატვირთულია ხილის ინტენსიური ტონებით და რომლებიც ძალიან უხდება ობიან ყველს. ღვინის მკვეთრი მჟავიანობა და გემოზე მარილიანობა იდეალურად ერწყმის ტარხუნის გემოს “ცქრიალს”. ამავე პიცასთან კარგი წყვილია დასავლეთ საქართველოს ჯიშებისგან - ციცქა, კრახუნა - წარმოებული ღვინოები, რომლებშიც ტროპიკული ხილის არომატები მკაფიოდ არის გამოხატული.

პიცა და ვარდისფერი ღვინო - გასტრონომიული "სტანდარტი", რომელიც არასდროს ცდება
როდესაც არ იცით, რა შეუხამოთ პიცას, ასეთ დროს, როზე საუკეთესო არჩევანია. პიცისა და ვარდისფერი ღვინის წყვილი დიდი ხანია, იტალიურ კლასიკად იქცა და დღესაც წარმატებით ინარჩუნებს თანამედროვე გასტრონომიის ერთ-ერთ პოპულარული და ხელმისაწვდომი ტრენდის სტატუსს. Pazza-ს პიცაში პროშუტოთი და რუკოლათი თითოეული კომპონენტი თავის როლს ასრულებს: პროშუტო, იტალიური გასტრონომიის ნამდვილი სიამაყე, კერძს მდიდარ, ხორცისეულ ტონებს მატებს, რუკოლა კი სასიამოვნო პიკანტურობას. ასეთ დროს გვჭირდება დახვეწილი ტექსტურის, დაბალანსებული მჟავიანობის, გასტრონომიული ხასიათის ღვინო. ჩემი არჩევანი პულიას რეგიონზე შეჩერდა - მხარეზე, სადაც ვხვდებით იშვიათ ჯიშს - სუსუმანიელოს, რომლისგანაც შესანიშნავი როზე იწარმოება - ლამაზი, ფერადი, ხალისიანი. ეს ღვინო შესანიშნავად ერწყმის პროშუტოს მარილიანობასა და პიცის ცომის სიმსუბუქეს.

ნერო დ’ავოლა და ბოლონეზე - ქვევრის საფერავში მომზადებული ხორცით, სტრაჩატელათი და პიტნით
ღვინისა და კერძის იდეალური წყვილის შექმნა ხშირად მუსიკალური ჰარმონიის აწყობას ჰგავს. ავიღოთ მაგალითად, Pazza-ს საავტორო პიცა “ბოლონეზე”, რომელსაც ქვევრის საფერავში მომზადებული ხორცი, სტრაჩატელა და პიტნა სრულიად ახლებურ ხასიათს სძენს.

სტრაჩატელა პიცას კრემოვან ტექსტურას და ნაზ მჟავიანობას ანიჭებს, რაც იდეალური საფუძველია საშუალო ან მსუბუქსხეულიან წითელ ღვინოსთან შესახამებლად. ნერო დ'ავოლა სწორედ ასეთი ღვინოა. ამ წყვილში არც ღვინო კარგავს გემოს, არც კერძი - პირიქით, ვიღებთ იდეალურ მესამეულ გემოს, რომელსაც სტრაჩატელა და პიტნის ტანდემი სასიამოვნო მენთოლურ დაბოლოებას ანიჭებს. ამავე პიცასთან იდეალური წყვილია ძელშავი, არანაკლებ საინტერესო შავკაპიტო, ან ალექსანდროული.



