გიორგი სამანიშვილი | ენოლოგიის მაგისტრი | : ამჯერად, Homeland of Wine-ს მთავარი თემა ბიო, ბიოდინამიკური და ე.წ. ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობაა. საუბარი ბიო მიმართულებით დავიწყოთ. საქართველოში, კანონით არის დადგენილი ბიო, ანუბიოლოგიური, იგივე ორგანული და იგივე ეკოლოგიური პროდუქტები. სამივე ტერმინს ერთი მნიშვნელობა აქვს და ევროკავშირის რეგულაციის მსგავსად (რომლის ზუსტი ასლიც გახლავთ ჩვენი კანონი), განსაზღვრულია, რა წესებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ მიმართულების მიმდევარი მევენახეობა: მკაცრად არის აკრძალული სინთეზური და ქიმიური სასუქების გამოყენება, სისტემური პრეპარატები. დაშვებულია მხოლოდ სპილენძისა და გოგირდის შემცველი პრეპარატები და ისიც შეზღუდული რაოდენობით. დადგენილია ღვინის დამზადების წესებიც, სადაც აკრძალულია გარკვეული ოპერაციები - მაგალითად ღვინის პასტერიზაცია, ულტრაფილტრაცია და სხვა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, გაცილებით ნაკლებია გოგირდის დიოქსიდის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა ღვინოში.

ლევან უჯმაჯურიძე: მეორე მიმართულებაა ბიოდინამიკური (დეფინიცია: ბიო ნიშნავს ცოცხალს და დინამიკურს, ენერგიას). ბიოდინამკური მევენახეობა ფოკუსირდება ბუნებრივ ენერგიაზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანიზმებზე. ბიოდინამიკური მეურნეობა კომპლექსურად განიხილავს სოფლის მეურნეობის, ადამიანის, გარემოს, კოსმოსის ურთიერთგავლენას; „ასტრალური ენერგეტიკული ნაკადების” გამოყენებას; კრძალავს მინერალურ სასუქებსა და პესტიციდებს. ამ მიმდინარეობის მთავარი ფილოსოფიაა, რომ ვაზი და ყველაფერი მის ირგვლივ აუცილებლად უნდა იყოს ბუნებასთან ჰარმონიაში.

ბიოდინამიკური მეურნეობის მიმდევრები იყენებენ ბიოდინამიკურ კომპოსტებს; ვაზის ფიტოსანიტარული სიჯანსაღისთვის ბიოდინამიკურ პრეპარატებს, რომლებიც ცნობილი სამკურნალო მცენარეებისგან მზადდება - გვირილა, ვალერიანი, ჭინჭარი, მუხა, ფარსმანდუკი, ბაბუაწვერა და სხვა. ნიადაგის გასანოყიერებლად და მცენარეთა საკვებად გამოიყენება სხვადასხვა კომპოსტები და სპეციალური მინერალური დანამატები, რომლებიც მზადდება კვარცის, კაჟმიწის, ხარის რქაში მომწიფებული სასუქისგან და სხვა. სამუშაოების დასაგეგმად ითვალისწინებენ ასტრონომიული კალენდარს.
ბიოდინამიკის სერტიფიკატის სპეციფიკაციებს სახელმწიფო არ ადგენს, თუმცა მეურნეობების შემოწმებასა და კონტროლს ახდენენ სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციები და ასოციაციები. ბიოდინამიკის სერტიფიკატებს შორის ყველაზე ცნობილია Demeter-ი, Biodivyn-ი. არსებობს სხვებიც. Demeter-ის სერტიფიკატი საქართველოშიც გვაქვს - მას „გოცას მეღვინეობა“ (Gotsa Wine) ფლობს.
გიორგი სამანიშვილი: და მესამე მიმართულება, რომელსაც წინ ყოველთვის ე.წ.-ს ვამატებ, არის - ნატურალური ღვინოები. მაგალითისთვის, ევროპის ქვეყნებში ეტიკეტზე ნატურალური ღვინის მითითება აკრძალულია, რადგან ეს ჩრდილს აყენებს სხვა ღვინოებს, რომლებიც თვითონ ღვინის განმარტებიდან გამომდინარე ასევე ნატურალურია. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში მოახერხეს და შექმნეს ასეთი ხარისხის ნიშანი - ნატურალური მეთოდი (Vin Methode Nature), რომელსაც ზუსტად გაწერილი წესები აქვს და მათ ამ ნიშნის მქონე მეღვინეები მკაცრად იცავენ.
საქართველოშიც გაქვს ბუნებრივი ღვინის ასოციაცია, რომლის წევრებმაც შეიმუშავეს ფრანგული Vin Methode Nature-ის მსგავსი წესებიც, ხარისხის ნიშანიც და კონტროლის სიტემაც.
იაგო ბიტარიშვილი: ჩვენს ასოციაციაში ვენახის მოვლასთან დაკავშირებით ისეთივე წესები მოქმედებს, როგორც ბიომევენახეობაშია. განსხვავება მხოლოდ მარანშია. წესდებაში განსაზღვრული გვაქვს, რომ არ შეიძლება ღვინის დაყენებისას იმ ხერხებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც თვისობრივად შეცვლიან ღვინის ბუნებრივ ორგანოლეპტიკური თვისებები.

გიორგი სამანიშვილი: უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატურალური მეღვინეობა ბევრად მკაცრი რეგულაციებით გამოირჩევა, ვიდრე ბიოდინამიკა. ისიც ხაზგასასმელია, რომ ფრანგული და ქართული ნატურალური ღვინოების წარმოების წესები ფაქტობრივად ერთიდაიგივეა, მცირე დეტალებში სხვაობას თუ არ ჩავთვლით. საქართველოში, ნატურალურ მეღვინეობაში აკრძალულია ყველა სახის დანამატის გამოყენება, გარდა გოგირდისა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლიტრზე 40 მილიგრამს. ფრანგულ ნატურალურ მეღვინეობაში ორი დაშვებაა: 1. საერთოდ არის დაშვებული გოგირდის გამოყენება, 2. დაშვებულია, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიგრამს ერთ ლიტრში. შესაბამისად, არის ორი ტიპის ეტიკეტი: 1. აქვს წარწერა Vin Methode Nature და 2. აქვს წარწერა - Vin Methode Nature SO2 < 30mg/l.
ამ მიმდინარეობაში ყველაზე რთული ის არის, რომ ღვინოში აკრძალულია ნებისმიერი დანამატის გამოყენება. მაგალითად, გარეშე საფუვრის დამატება აკრძალულია, თუმცა მეღვინეს შეუძლია საფუვრის დედა თვითონ მოამზადოს. ნატურალურ მეღვინეობაში ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს ინდიგენური. აკრძალულია გემოს ან შემდგენლობის არაბუნებრივად შეცვლა. მაგალითად, სიტკბოს ან მჟავიანობის კორექცია იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს აუცილებელია ხარისხიანი ღვინის მისაღებად, მუხის ნაფოტების დამატება და სხვა, რაც ცოტა ართულებს საქმეს იმ შემთხვევაში, თუ ყურძენი არ არის ძალიან კარგი. ხოლო თუ კარგია, რა თქმა უნდა, ცვლილებები არც ესაჭიროება.
ლევან უჯმაჯურიძე: ამიტომ ყველაფერი უნდა დავიწყოთ ვენახით, რადგან ღვინო სწორედ ვენახში იქმნება.
ბიო, ორგანული და ეკოლოგიური მიმართულება
ბიო-სერტიფიცირება
იაგო ბიტარიშვილი: საქართველოს, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ის უპირატესობა აქვს, რომ სწორედ ჩვენთან ჩამოყალიბდა პირველად სერტიფიცირების სამსახური, რომელიც ევროკავშირშია აკრედიტებული. ყოველწლიურად, ევროკავშირი თავის ინსპექტორებს გზავნის, რომლებსაც უფლება აქვთ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სერტიფიცირების სამსახურს აკრედიტაცია გაუუქმონ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სერტიფიცირების სამსახური, რომელმაც 1998 წლიდან დაიწყო მუშაობა, სერტიფიკატებს კი 2005 წლიდან გასცემს, დღემდე ინარჩუნებს აკრედიტაციას. თავის დროზე, სერტიფიცირების მიმართულებით სწორედ საქართველო დაეხმარა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეიქმნა ერთიანი სისტემა, რომელსაც Caucascert ეწოდა.
გიორგი სამანიშვილი: ფაქტობრვად, 20 წელია, ჩვენი კავკასსერტის სერტიფიკატის მქონე მეღვინეს შეუძლია ეტიკეტზე მიუთითოს, რომ მისი ღვინო არის ბიო (ანუ ორგანული) და ეს სერტიფიკატი ევროკავშირის ქვეყნებისათვისაც მისაღები იქნება.
ვენახის მოვლა
იაგო ბიტარიშვილი: ვენახისთვის (ისევე როგორც სხვა ტიპის მეურნეობებისთვის) ბიოსერტიფიკატის მისანიჭებლად გარდამავალი პერიოდი სამი წელია. ამ პერიოდში მევენახე უკვე ორგანული მევენახეობის წესებით მუშაობს, ხდება აქტიური დაკვირვება, მეოთხე წელს კი ბიოსერტიფიკატი ენიჭება.
ლევან უჯმაჯურიძე: მევენახეობაში, ხშირად საუბრობენ ამა თუ იმ პრეპარატის უარყოფით მხარეებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ცუდი პრეპარატები არ არსებობს, არსებობს მათი არასწორად გამოყენების შემთხვევები. უმნიშვნელოვანესია, 1. დაცული იყოს უსაფრთხოების წესები, 2. კონცენტრაცია (დოზირება), 3. ფენოკალენდარული მიდგომა, ანუ როდის უნდა შეიწამლოს ვენახი მხოლოდ და მხოლოდ კონტაქტური მოქმედების, მათ შორის, სპილენძის შემცველი, გოგირდზე ან მცენარეულ ნაყენზე დამზადებული პრეპარატებით. თუ მევენახემ სწორად და დროულად არ შეაარჩია შეწამვლის საწყისი წერტილი, რომელსაც მეცნიერულად ნამის კრიტიკული წერტილი ეწოდება, შეიძლება ყოველკვირა კი არა, ყოველ 2-3 დღეში შეწამლოს ვენახი და შედეგი მაინც არ ჰქონდეს. ამ საკითხებში განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, მეტი შეხვედრები და საუბრები გაიმართოს ორგანული თუ ბიოდინამიური მეურნეობის საკითხებზე.

გიორგი სამანიშვილი: გეთანხმებით, რომ დღეს, ყველაზე დიდ გამოწვევად სწორედ ცოდნის ნაკლებობა რჩება. როდესაც მევენახე რომელიმე მიმართულებას მისდევს, სადაც ნაკლები პრეპარატის გამოყენებაა დაშვებული და კარგად არ იცის რა, რატომ, რა დოზით და როდის უნდა გამოიყენოს, მოსავალს რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, უწევს ბიოორგანულის საწინააღმდეგოდ არჩევანის გაკეთება და ვენახის სისტემატური შეწამვლა: თავის დასაზღვევად, 7-10 დღეში ერთხელ ასხამს ყველა შესაძლო შხამ-ქიმიკატს - დანახარჯების გარდა, ხდება გარემოს უაზრო დაბინძურება. ამიტომ ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
გარემოსდაცვითი მიდგომებიდან საინტერესოა კიდევ ერთი მიდგომა - ე. წ. გონივრული ანუ ინტეგრირებული მევენახეობა (Viticulture raisonnée / Integrated viticulture): ამ მიდგომის შემთხვევაში არ გამოიყენება ძლიერი შხამ-ქიმიკატები გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მევენახე რისკის დადგომის ალბათობას ხედავს და იტოვებს ვენახში აქტიური ჩარევის უფლებას.

დავით მაღრაძე: დღეს, ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. ბიოლოგიური სექტორი იზრდება, შესაბამისად, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა იკლებს. იქმნება მეტი ჯანსაღი პროდუქტი, რაც ბევრ მომხმარებელში პოულობს დადებით გამოძახილს. წარმოების პროცესი გულისხმობს რეგულაციების დაწესებას და კონტროლს, რაც პროდუქტს შედარებით აძვირებს, თუმცა ამის კომპენსაცია ჯანსაღი და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე მიღებული პროდუქტია. ეს ტენდენცია მზარდია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში.
დავით ჩიჩუა: რა არის მევენახისთვის ბიომეურნეობაში ჩართვის მოტივი, საიდან უჩნდება ეს იდეა, ან რა არგუმენტები აქვს? ჩემმა კოლეგებმა ახსენეს პროდუქტის უვნებლობა, გარემოს დაცვა, ვენახში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების საკითხი (როდესაც გამოყენებულმა პრეპარატებმა არ უნდა დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა), რასაც აუცილებლად უნდა დავუმატო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: პროდუქტის ტიპიურობა. როდესაც საქმე კონვენციურ (ანუ ჩვეულებრივ) მეღვინეობასთან გვაქვს, მეწარმეს, ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი ჯიში სხვადასხვა ჩარევით მიჰყავს მისთვის სასურველ შედეგამდე, ხოლო როდესაც ვენახში და ღვინოში ჩარევა მინიმალიზირებულია, რასაც ითხოვს კიდეც ბიომევენახეობა, პროდუქტი ხდება პირდაპირი გამოხატულებაა იმ ბუნებრივი მოცემულობის, რომელიც ტერუარშია.

როდესაც ვსაუბრობთ ბიო და კონვენციურ მეღვინეობას შორის განსხვავებებზე, უდავოდ საკამათოა, საბოლოო ჯამში, დროში დეგრადირებადი სინტეთიკური პრეპარატი უფრო აბინძურებს ნიადაგს, თუ თუნდაც სპილენძი, რომელიც ასწლიან პერსპექტივაში არაერთ ტონას აჭარბებს და არც ადვილად გამოირეცხება ნიადაგიდან.
ლევან უჯმაჯურიძე: აუცილებლად უნდა შევეხოთ მორწყვის საკითხს, რომელიც მაგალითად, ბიოდინამიკურ მევენახეობაში დიდად დაშვებული არ არის. ლოგიკურად რომ მივუდგეთ: ყველა სასიცოცხლო პროცესი, რომელიც ვაზის მცენარეში მიმდინარეობს და ქმნის ყურძნის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს, სწორედ წყალთან არის დაკაშირებული. დღეს, გლობალური დათბობის ფონზე, ეს სასიცოხლო პროცესები ისედაც შემცირებულია (ფოტოსინთეზი, რომელიც დღეში მინიმუმ 8-10 საათი უნდა მიმდინარეობდეს, ზაფხულში, 35 გრადუსს ზემოთ ტემპერატურაზე, ჰაერის დაბალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში, მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 4-5 საათია). თუკი ნიადაგში წყალის დეფიციტია, რა ხარისხზე შეიძლება იყოს საუბარი?! ასეთ დროს, რისკის ქვეშ მიმდინარე კი არა, მომდევნო წლის მოსავალიც დგება. განსაკუთრებით ივნის-ივლისის პერიოდში, როდესაც მოზამთრე კვირტებში მომავალი წლის მოსავლის ჩასახვა ხდება. შედეგად მივიღებთ დაბალ მოსავლიანობასა და დაბალ ხარისხს. ამიტომაც, ეს სტერეოტიპი აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს. ვაზი უნდა მოირწყას მაშინ, როდესაც ნიადაგში მისი რაოდენობა კრიტიკულია და მნიშვნელოვნად იზღუდება ეკოფიზიოლოგიური პროცესები(რა თქმა უნდა, არა სიმწიფის პერიოდში).

კახა ჭოტიაშვილი: რას სჯობს, როდესაც ვენახს მწვანე ფოთოლი აქვს, ფოტოსინთეზი კარგად მიმდინარეობს და ყურძენიც ზომიერად მწიფდება. თუ დაიგვალვება და ფოთოლი გაუხმება, მისგან რა ღვინოს გამოიყვან?!
ლევან უჯმაჯურიძე: მნიშვნელოვანია სხვა კომპლექსური ღონისძიებების გათვალისწინებაც, როგორიცაა: ვაზის ჯიში, საძირე, ადგილმდებარეობა, ვენახის გაშენების ექსპოზიცია, შტამბის სიმაღლე, ფორმირების სისტემები (მათ შორის, ქართული ფორმირება - ჭიგოზე ), დატვირთვა და სხვა. მწვანე ოპერაციები ზედმიწევნით სწორ დროს და ხარისხიანად უნდა ჩატარდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ვენახში გამოყენებულ მხოლოდ კონტაქტური მოქმედების ბიოპრეპარატებთან. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს არაერთი მევენახეობის რეგიონი, სადაც შესანიშნავად შეიძლება ბიო-ორგანული და ბიოდინამიკური მიმართულებების მეურნეობების განვითარება.
გიორგი სამანიშვილი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ნიადაგია, როგორც ბიო-ორგანულ, ისე ბიოდინამიკურ მიმართულებებში. ამაზე ბატონ იაგოს არაერთხელ უსაუბრია.
იაგო ბიტარიშვილი: როგორც ბიო, ისე ბიოდინამიკურ მეურნეობაში წრე შეკრული უნდა იყოს, რაც მევენახეს სრულად დამოუკიდებელს ხდის. ვცდილობ, სწორედ ამას მივაღწიო. რას ვგულისხმობ: მაქსიმუმ, სპილენძი და გოგირდი შეიძინო, ყველა დანარჩენი საშუალება კი, მათ შორის, თუნდაც ნაკელი, ადგილზე გქონდეს. ამიტომ არის, რომ ბიომევენახეებს ხშირად ცხვარი ჰყავთ, რომელსაც ვენახში უშვებენ. მისი ნაკელისგან თავად ამზადებენ კომპოსტს, რადგან ფერმის ნაკელი შეიძლება არასასურველ მინარევებს, მაგალითად, ანტიბიოტიკებს შეიცავდეს.
ლევან უჯმაჯურიძე: როგორც ნაკელის დამზადებას, ისე ვენახში მის შეტანას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაკელი აუცილებლად თერმულად უნდა იყოს დამუშავებული, რომ სარეველების თესლი და მავნე მიკროორგანიზმები არ შეჰყვეს, რომლებიც ვაზის მცენარეზე უარყოფითად იმოქმედებენ.
რაც შეეხება ნიადაგის დამუშავებას: ვაზის გაშენებიდან პირველი ორი წელი უნდა ჩატარდეს გაფხვიერება-კულტივაცია, ან ვერტიკალური ფრეზირება. ამ დროს, სარეველა ბალახების მოცილებასთან ერთად, ნიადაგის ზედაპირი სწორდება. მესამე წლიდან ყველა ტიპის, მათ შორის, ბიოორგანული და ბიოდინამიკური მეურნეობის პირობებში, სასურველია, გადავიდეთ არსებული ბუნებრივი, ან პარკოსანი მცენარეების -სიდერატების - გამოყენებით ნიადაგის დაკორდების სისტემებზე. მფარავი პარკოსანი კულტურები - სიდერატები: ცულისპირა, ბარდა, სოიო, სამყურა, ლობიო და სხვა, ითესება ვაზის რიგთშორისებში, შემდეგ კი ხდება მათი მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნა, განოყიფერებისა და სტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

სიდერაცია – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სპეციალურად მოყვანილი მწვანე მცენარის ჩახვნას. სიდერაცია არის ორგანულ ნივთიერებათა და აზოტით ნიადაგის განოყიერების ისეთი ხერხი, რომელიც ხორციელდება ნაკვეთზე სპეციალურ მცენარეთა, უმეტესად პარკოსნების ოჯახიდან, თესვით და მწვანე მასის ნიადაგში მათი ჩახვნით.
არსებობს მძიმე მექანიკური სტრუქტურული შემადგენლობის ნიადაგები, რომელთა ქვედა ფენები დაწიდული და წყალგაუმტარია. ფილოქსერა საძირესაც კი, რომელსაც ქვებშიც შეუძლია ფესვთა სისტემის განვითარება, ასეთი ტიპის ნიადაგების გარღვევა უჭირს. პრობლემის აღმოსაფხვრელად ვიყენებთ რებენფიტ მცენარეთა ნაკრებს, რომელიც მაის-ივნისის თვეში ვაზთაშორის ითესება. ამ მცენარეებს შესწევთ უნარი სწორედ ზემოხსენებული ტიპის ნიადაგებში სიღრმისეულად განვითარდნენ, გააუმჯობესონ ნიადაგის სტრუქტურა და ის ვაზისთვის ადვილად ასათვისებელი გახადონ.
რატომ არ უნდა დავამუშავოთ ნიადაგი?
ლევან უჯმაჯურიძე: ბუნებრივი ნიადაგი ცოცხალი არსებაა. ჯანსაღი ნიადაგი სასიცოცხლოდ მნიშველოვანია ორგანული წარმოებისთვის, რადგან ის ვაზს საკვები ელემენტებით ამარაგებს. ნიადაგს თავისი მიკროორგანიზმების სამყარო გააჩნია, რომელიც დადებითად მოქმედებს მისი სტრუქტურის ფორმირებაზე. ცოცხალი ორგანიზმების 45%-ზე მეტი სწორედ ნიადაგში ცხოვრობს. მცენარემ საკვები ნივთიერებები (მინერალური იქნება ეს, თუ ორგანული) რომ შეითვისოს, ისინი წყალში უნდა გაიხსნას. ნიადაგში არსებულ მიკროორგანიზმებს კი წყალში გახსნილი ნივთიერებები მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში გადაჰყავთ. წარმოიდგინეთ მიკროორგანიზმების კოლონიები, რომლებსაც ნიადაგში მთელი ეკოსისტემა აქვთ აწყობილი და მას მევენახე ხშირი ზემოქმედებით არღვევს. რაც ნაკლებად ვეხებით ნიადაგს, მით მეტად ვინარჩუნებთ მის სტრუქტურას, ტექსტურას, მიკროორგანიზმების მეშვეობით კი ვეხმარებით მცენარეს მინერალური და ორგანული ნივთიერებების შეთვისებაში.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ სიდერატების დადებითი გავლენაზე ვენახში: ჰუმუსის დაგროვება, ეროზიის აცილება, ქვენიადაგის სტრუქტურის აღდგენა, დაჩრდილვის გამო ნიადაგის სირბილის შენარჩუნება, ნალექიან, ჭარბტენიან რეგიონებში - ტენის აორთქლება, ვაზის ძლიერი ზრდის პირობებში – ზრდის შეფერხება და სხვა. სიდერატები იქცევა ორგანულ მასად და რჩება ნიადაგში. ვენახიდან გამოგვაქვს მხოლოდ ყურძენი. ანასხლავიც კი არ უნდა გამოვიტანოთ ან დავწვათ, არამედ აუცილებლად უნდა ჩავაქუცმაცოთ ვენახში. ვაზის მცენარის მიერ ნიადაგიდან ამოტანილი ნივთიერებები ისევ ნიადაგს უნდა დაუბრუნდეს.
დღეს, მთელი მსოფლიოს პრობლემა დამამტვერიანებლების შემცირებაა. აქ იგულისხმება როგორც ფუტკარი, ისე სხვა მწერები. სწორედ დამამტვერიანებლებზე დგას სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობა. მათი გარკვეული ნაწილი ვენახის ნარგაობაში არსებულ ბუნებრივ ან კულტურულ, მათ შორის, თაფლოვან მცენარეებზე ბინადრობს. ისეთი მიმართულებებით, როგორიც ბიო-ორგანული და ბიოდინამიკური მევენახეობაა, შესაძლებელია დამამტვერიანებლების და მთლიანად ეკოსისტემის შენარჩუნება. ეს ყველაფერი კი აუცილებლად უნდა იყოს შესისხლხორცებული როგორც ტრადიციებთან, ისე ინოვაციურ მიდგომებთან. მხოლოდ ასე მივაღწევთ შედეგს. არასოდეს უნდა დავივიწყოთ ტრადიციები, განსაკურებით კი დამოკიდებულება მიწისადმი.
გიორგი სამანიშვილი: უნდა ვახსენოთ ნიადაგის ტემპერატურის ფაქტორიც. ვენახში ზოგჯერ მაღალი ბალახის გათიბვაც კი არ არის სასურველი, რადგან ასეთი საფარის მეშვეობით მიწა ნაკლებად ცხელდება, შესაბამისად, მიკროორგანიზმებიც დაცულია.
დავით ჩიჩუა: ნიადაგის მოხვნის ცდუნება საიდან მოდის?! ამ დროს ჩქარდება მინერალიზაციის პროცესი, ვაზისათვის ხელმისაწვდომი საკვების მობილიზაცია და ერთწლიან ეფექტში მევენახეს ექმნება იმის ილუზია, რომ ნიადაგის დამუშავება უკეთესია მცენარისათვის. ასეთი მიდგომა საფუძველშივე მცდარია, რადგანაც მუდმივი მოხვნითა და კულტივაციით მცირდება ნიადაგში ახალი ორგანიკის წარმოქმნის პროცესები, ხოლო მილიონობით წლის განმავლობაში დაგროვილი რესურსის გამოფიტვას და ნიადაგის ბიოლოგიურ, სტრუქტურულ და ქიმიურ დეგრადაციას სამწუხაროდ, რამოდენიმე ასწლეული ჰყოფნის.
კახა ჭოტიაშვილი: კარგი იქნება, თუ საქართველოში კულტურული ბალახების - სიდერატების სათესლე მასალა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ლევან უჯმაჯურიძე: ამას სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება და ჩვენ აუცილებლად დავასაბუთებთ, რატომ არის საჭირო ამ ტიპის სათესლე მასალა ორგანული მეურნეობის განვითარებისთვის.
კახა ჭოტიაშვილი: რამდენიმე ვენახი გვაქვს და მათ შორის, ერთია 40 წელზე მეტის, რომელიც დღესაც ძალიან კარგ მოსავალს იძლევა, თუმცა მოვლის თვალსაზრისით სირთულეებს გვიქმნის. ვაზებს იმდენად დაგრეხილი ძირები (ე.წ. მრუდე ვაზი) აქვს, რომ ტექნიკას გადაადგილება ძალიან უჭირს. ამის გამო, მისი გაჯაგვა და ახალი ვაზის დარგვა გადავწყვიტეთ. მესმის, რომ 7-8 წელს ვკარგავთ, ვიდრე კარგ მოსავალს მივიღებთ, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
დავით მაღრაძე: მევენახეობა მრავალწლიანი კულტურაა. სწორად დარგულმა ვაზმა 40-50 წელი უნდა გემსახუროს. მოსვენების იმ პერიოდმა, რომელიც ნავენახარს სჭირდება ნაყოფიერების აღდგენისათვის და ამ დროს განსახორციელებელმა საჭირო აგროტექნიკურმა ღონისძიებებმა - მათ შორის სპეციფიკური საძირეების გამოყენებამ, შესაძლოა, მევენახეს აფიქრებინოს, რომ ბევრ დროს კარგავს ახალი ვენახის გაშენებამდე; არადა, პირიქით - სწორად მომზადებულ ნაკვეთზე გაშენებული ვენახი ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე არის გათვლილი, მევენახეს მრავალი წელი ემსახურება და წაგებაშიც არ ტოვებს.
დავით ჩიჩუა: ბატონი დავითის ნათქვამს დავამატებ, რომ ნიადაგის მომზადება ნამდვილად ძალიან აქტუალური თემაა, ახალდაჩეხილ ნავენახარში კი ეს საკითხი ათჯერ უფრო აქტუალურია. უნდა მოხდეს ძველი ვაზის ფესვების ჩალპობა. მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების სრულ ელიმინაციას კი მინიმუმ 2-3 წელი მაინც ესაჭიროება.
იაგო ბიტარიშვილი: უნდა ვახსენო დაბალი მოსავალიანობა, რაც ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩინური განსაკუთრებით ბევრს ისხამს. მწვანე რთველთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოვისმენ თქვენგან.
ლევან უჯმაჯურიძე: ფიტოტექნიკური ღონისძიებები მხოლოდ მწვანე ოპერაციებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებით იმ მიმართულებაში, რომელსაც თქვენ მისდევთ, მწვანე რთველი ერთ-ერთი აუცილებელია. მწვანე რთველის ჩატარებას გარკვეული აგროტენოლოგიური ვადა აქვს. ყველაზე უპრიანი მისი ჩატარება ყურძნის შეთვალების პერიოდშია. ამ დროს ვაზზე უკვე ჩამოყალიბებულია მტევნები და გამოკვეთილია ჯიშურობა. არც ის არის აქსიომა, რომ სანაყოფე რქაზე მაინცდამაინც ზედა მტევანი უნდა მოვაცილოთ. ზოგჯერ, თუ ქვედა არ არის სათანადოდ განვითარებული, მისი მოცილება სჯობს.
დავით ჩიჩუა: ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთში გვაქვს ჯიშები, რომლებსაც მწვანე რთველი თუ არ ჩაუტარე, არაფერი გამოვა. ასეთია მაგალითად, დანახარული, გრძელმტევანა, სიმონასეული. გრძელმტევანას თითო რქაზე ორ-ორი მტევანი რომ აქვს გამოსხმული, ზედა მტევანი აუცილებლად უნდა მოეჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყოფსაც წვრილმარცლიანს ვღებულობთ და ვეგეტაციაც შესუსტებულია. სიმონასეული, რომელიც ძლიერი, სხეულიანი, მუქად შეფერილი ღვინის მომცემი ჯიშია, ხანდახან იმდენს დაისხამს ხოლმე, რომ ყურძენი ტიპიური შეფერილობის მიღწევასაც ვეღარ ახერხებს. დანახარულსაც აქვს ეს მიდრეკილება, რომ მიუშვა, 25-30 ტონამდე მოსავალს მოგვცემს. ამიტომ, სხვა მწვანე ოპერაციებთან ერთად, მწვანე რთველი აუცილებელია, რათა ყურძნის ხარისხი შევინარჩუნოთ.
კახა ჭოტიაშვილი: სიმონასეული ჩვენს ახალ ვენახში გვაქვს გაშენებული. ჯერ მხოლოდ მესამე მოსავალია, რომელიც ქვევრში დავწურეთ. დაახლოებით 2,5 თვეზე ცოტა მეტ ხანს გავაჩერეთ სრულ ჭაჭა-კლერტზე. შედეგი საინტერესო გამოვიდა. საფერავთან და სხვა წითელ ღვინოებთან შედარებით, სიმონასეულისგან დაყენებულ ამ ღვინოს დაბალ ტემპერატურაზე მირთმევა უხდება. ხელში რომ გითბება, უფრო საინტერესო ხდება. ღვინო გაუფილტრავია. ხასიათით საფერავს არ ჰგავს, შედარებით ღია წითელია და იისფერიც შეიმჩნევა ფერზე. არომატი უფრო მსუბუქი, თუმცა ძალიან დახვეწილი და ნაზი აქვს, გემო საკმაოდ მრავალფეროვანი და მსუბუქი. ყურძნის ეს სახეობა სოკოვანი დაავადებების მიმართაც საკმაო გამძლეობით გამოირჩევა.
სიმონასეულის ვენახში, ნიადაგის მოვლით დაწყებული, შესაწამლი პრეპარატებით გაგრძელებული, ყველა პროცესი ორგანული მეთოდით მიმდინარეობს. ჩვენი ვენახების საერთო ფართი 17 ჰექტრამდეა და ამ ეტაპზე გაფართოებას აღარ ვგეგმავთ. ძველი ვენახების განახლება გვაქვს გეგმაში. სიმონასეულის ვენახი კი, რომელიც სამ ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, სხვა ვაზის სახეობებთანთან ერთად, განსაკუთრებით მიყვარს, რადგან აქ, ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ვაზის დარგვამდე ყველა საჭირო ეტაპი გავიარეთ. ასე ვთქვათ, ეს შეგნებულად და გააზრებულად გაშენებული ვენახია.
იაგო ბიტარიშვილი: ვფიქრობ, თუ მევენახე შეძლებს ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრებას, ყველა პრობლემისა და წინაღობის მიუხედავად, ყოველი შემდეგი წელიწადი მის ვენახში უკეთესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 27 წელზე მეტია ამ მიმართულებით ვმუშაობ, მაინც მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი და ბევრიც გასაკეთებელი მაქვს. თუ ეს საქმე არ გიყვარს, არაფერი გამოგივა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მოგცეს მოტივი, იმაზე მეტი გააკეთო ვენახისთვის, ვიდრე სჭირდება. აი, ეს არის ბუნებრივი მეღვინეობის განსხვავება და ამავე დროს, უპირატესობასაც.
ორგანული მეურნეობა, როგორც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია
ლევან უჯმაჯურიძე: მახსენდება, წლების წინ, როგორ იწყებდა ორგანული მეურნეობა ფეხის ადგმას საქართველოში. დღეს, სულ სხვა რეალობა გვაქვს: აშკარაა წინსვლა, ბევრი მევენახე მისდევს ამ მიმართულებას და მათი ღვინო არსებულ სტანდარტებსაც პასუხობს. ერთია, როდესაც ვიღებთ ჯანმრთელობისთვის უვნებელ პროდუქტს და მეორე - არის თუ არა შენარჩუნებული ღვინოში ვაზის ჯიშურობა და გემური მახასიათებლები. როდესაც ეს ყველაფერი თანხვედრაშია, სწორედ მაშინ გვაქვს შედეგი. თუ ღვინოში ჯიშურობა, არომატი, ორგანოლეპტიკა, სენსორული მახასიათებლები არ იკითხება, ესე იგი, საბოლოოო შედეგი მიღებული არ გვაქვს.
დავით მაღრაძე: დღეს, არაერთ დიდ და საშუალო მწარმოებელს ცალკე აქვს ბიოლოგიური ღვინის ხაზი. ასეთი მიდგომა წლების წინ არ იყო. ეს უდავოდ დადებითი ტენდენციაა.
დავით ჩიჩუა: რასაც დღეს ვუწოდებთ ბიო-ორგანულ მევენახეობას, ეს ათასწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა გახლდათ, კონვენციური მიმართულება კი არის ამ ტექნოლოგიის გარდაქმნა, რაც ბოლო ასწლეულში მოხდა. როდესაც ვამბობთ, რომ სოფლის მეურნეობისთვის ბიომიმართულება არის ხვალინდელი დღე, რეალურად, ეს ჩვენი ისტორიის გუშინდელი დღეა. ისიც ფაქტია, რომ წარმოებით მოყვანილი კვების პროდუქტი კორელაციაში უნდა იყოს პლანეტის მზარდ პოპულაციასთან, რაც დამეთანხმებით ძირითად საკვებ პროდუქტებთან მიმართებაში ნამდვილად არ არის ადვილი. ამ მხრივ, ღვინო ერთადერთი გამონაკლისია. ბოლო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოში წარმოებული ღვინის 20% გაუყიდავი რჩება, ანუ წარმოება მოთხოვნაზე ჭარბია. ყოველწლიურად, 250 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო იწარმოება და ფაქტია, რომ დედამიწის მოსახლეობას ამდენი ღვინო არ სჭირდება. იყოს 30-40%-ით ნაკლები, მაგრამ ბევრად საინტერესო და ხარისხიანი - საკითხის ასე დაყენება უფრო რელევანტურია მეღვინეობისათვის. ამ მხრივ, მევენახეობა-მეღვინეობა ორგანული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა.
გამძლე ჯიშები
დავით მაღრაძე: რა არის ბიო მევენახეობა-მეღვინეობის ყველაზე დიდი პრობლემა? ეს არის ევროპული ვაზის - ე.წ. ვიტის ვინიფერა (Vitis vinifera) - ყურძენი, რომელსაც მთავარი სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლეობა არ აქვს და დიდი ოდენობით ქიმიურ დახმარებას საჭიროებს. ამის ერთ-ერთ ალტერნატივად ისახება და ბოლო წლებში აღმავლობით ვითარდება დაავადებათა მიმართ გამძლე ჯიშების (ე.წ. PIWI ჯიშები) სელექცია, რომელთა პროდუქციის ხარისხი სულ უფრო მეტად უმჯობესდება და უახლოვდება ევროპული ვაზის პროდუქციის ხარისხს.
გიორგი სამანიშვილი: ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სპილენძი და გოგირდი მევენახისთვის იძულებითი აუცილებლობაა, რადგან ვენახის დაცვისთვის სხვა უკეთესი მეთოდი არ არსებობს. ამიტომაც დაიწყო მსოფლიომ მუშაობა უფრო გამძლე ჯიშების გამოყვანაზე.
ლევან უჯმაჯურიძე: საბედნიეროდ, ქართული კულტურული ვაზის (ვიტის ვინიფერა) ადგილობრივ გენოფონში გამოიკვეთა იმერული ჯიში - მგალობლიშვილი, რომელიც ბევრად გამძლეა დაავადებების, განსაკუთრებით კი ჭრაქის მიმართ. ეს ჯიში საუკეთესო სასელექციო მასალაა. ჩვენ უდიდესი გენოფონდი გაქვს - 525 ჯიში, რომელთაგან 450-ზე მეტი აღდგენილია. ამ მიმართულებით კვლევები გასაძლიერებელია, რადგან შესაძლოა, ქართული ჯიშების ნაწილი იყოს რეზისტენტული ჭრაქის და ნაცრის მიმართ.
დავით მაღრაძე: მგალობლიშვილი მხოლოდ ქართული კი არა, ევროპული სელექციისთვისაც დიდი მიღწევაა. ეს იმერული ჯიში ჯერ კიდევ იშვიათი ჯიშების კატეგორიას მიეკუთვნება და მისი პოტენციალის წინ წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია.
იაგო ბიტარიშვილი: რადგან კონვენციურისგან განსხვავებით, ორგანულ მეურნეობაში ბევრი აკრძალვაა, ამ დროს ყველაზე საჭირო - სათანადო ცოდნაა. ცოდნა, უმეტესად, საკუთარი გამოცდილებიდან და დაშვებული შეცდომებიდან მოდის, ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით. პირველად, საფრანგეთში ვნახე ვენახში ბალახს რომ აწვენდენ. ეს დაწვენილი ბალახი რომ გადავწიე, ცოცხალი ორგანიზმების მთელი ჯარი დამხვდა. როგორ შეიძლებოდა ეს მეთოდი არ მომწონებოდა?!
ორგანული სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით გრძელვადიანი პერსპექტივაა. თუ ეს საქმე არ გიყვარს, ვერ გაუძლებ, ვერ მიჰყვები, რადგან ძალიან ბევრი რამის გათვალიწინება გიწევს. მაგალითად, ბატონმა ლევანმა აღნიშნა პარკოსანი კულტურების შეთესვის საკითხი. მე ამის მეშინია და გეტყვით რატომ: ჩვენს მხარეში (მცხეთის რაიონი, სოფელი ჩარდახი) იმდენად დაბალია ტენიანობა და ნალექი, მირჩევნია, ბუნებრივი გაკორდებით გავუშვა ისეთი ბალახი, რომელიც დაბალ ტენიანობას ეგუება და ვენახს ნაკლებ წყალს ართმევს. ამ ყველაფერს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომელიც მოკლევადიანი ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანია, ახალ თაობას ავუხსნათ, რომ ამ საქმეს დიდი ნებისყოფა და ცოდნა სჭირდება.
ე.წ. ნატურალური მეღვინეობა
გიორგი სამანიშვილი: კატეგორია ნატურალური ღვინო ოფიციალურად არ არსებობს. ვერც ჩვენს კანონში შეხვდებით ჩანაწერს მის შესახებ და ვერც ევროკავშირში შეხვდებით ღვინოებს მსგავსი დასახელებით. ამის მიუხედავად, ეს ტერმინი არსებობს. ყველა მეტნაკლებად დიდ ქალაქში შეხვდებით ნატურალური ღვინის ბარებს, სადაც იმ მეღვინეობების ღვინოები იყიდება, რომლებიც ამ ე.წ. კატეგორიაში მოიაზრებენ თავს. ამას, რა თქმა უნდა, კანონი არ კრძალავს.
ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. მისი მომხმარებელი შედარებით მაღალშემოსავლიანი სეგმენტია. ამ კატეგორიის ღვინო არ გახლავთ პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ყველას ჰქონდეს. მსხვილი მწარმოებლები ამ მიმართულებაში ჩართვაზე უარს მაღალი რისკების გამო ამბობენ, შესაბამისად, ნატურალურ მეღვინეობის მიმდევრები ის მეღვინეები არიან, რომლებსაც აქვთ ფუფუნება, გააკეთონ ცოტა ღვინო და გაყიდონ ძვირად. ასეთ ღვინოში ემოციაც მეტი უნდა იყოს ჩადებული, ისტორიაც საინტერესო უნდა ჰქონდეს.
ეს მიმდინარეობა საქართველოში მზარდია. საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებსა თუ დეგუსტაციებზე, ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებლების ცნობადობა მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობას ბევრად აღემატება. რა თქმა უნდა, ეს წარმატება ხელს ძალიან უწყობს დანარჩენი „ჩვეულებრივი“ ღვინოების გაყიდვას და ქვეყნის იმიჯის წინ წაწევას. ამიტომ ეს სეგმენტი ნამდვილად მისახედია.


