ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ჯერ კიდევ VI საუკუნეში აღნიშნავდა: „მესხეთში, ამ თემის მთაგორიანობის მიუხედავად, იქაურ მკვიდრთ თავიანთი შრომითა და ცოდნით, ვითარცა დახელოვნებულ მიწისმომქმედთ ხეხილიცა და ვენახებიც გაუშენებიათ და ხილნაყოფიც საკმაოდ ჰქონიათ.“

მესხური მევენახეობა-მეღვინეობის ამაგდარი, ცნობილი აგრონომი შალვა წიქვაძე თავის მონოგრაფიულ ნაშრომში დეტალურად განიხილავს მესხეთის სხვადასხვა მიკროზონის მევენახეობის აგრონომიულ-ისტორიული მემკვიდრეობის თავისებურებებს. აქაურ ღვინის წარმოების ჩამოყალიბებულ ტრადიციებს ნათლად ადასტურებს ვარძიის უნიკალური მარნის არსებობა, სადაც ორასამდე ქვევრია დაცული და შემორჩენილი.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ვენახების კადასტრის მიხედვით, მესხეთის მევენახეობის ზონაში აღწერილია 35,0 ჰექტრამდე ვენახი. აქედან ძირითადი ნაწილი (25,0 ჰა) წარმოდგენილია ასპინძის მუნიციპალიტეტში და გავრცელებულია ვაზის ავტოქთონური შემდეგი საღვინე ჯიშები:

მესხური მწვანე

ქართული ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება მესხეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს და გავრცელებულია მესხეთის მევენახეობის ზონაში.

მესხური მწვანე


ჯიში ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით და სიმწიფის საგვიანო პერიოდით - მესხეთის ზონაში ოქტომბრის შუა რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 19,0-20,0 %, ხოლო მჟავიანობა 8,5-9,0 გ/ლ ფარგლებშია.

მესხური მწვანესგან მზადდება თეთრი მშრალი ღვინო და საკუპაჟე მასალა ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

მესხური შავი

ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება მესხეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს და გავრცელებულია მესხეთის მევენახეობის ზონაში.

მესხური შავი


ჯიში ხასიათდება მაღალი (13,0 ტ/ჰა) მოსავლიანობით და სიმწიფის საგვიანო პერიოდით - მესხეთის ზონაში ოქტომბრის შუა რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 17,0-20,0 %, ხოლო მჟავიანობა 11,0-13,0 გ/ლ ფარგლებშია.

მესხური შავი საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოიყენება წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება შინდისფერი შეფერილობით და სასიამოვნო არომატებით.

თამარის ყურძენი (სინონიმი: თამარის ვაზი)

ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება მესხეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს და გავრცელებულია მესხეთის მევენახეობის ზონაში.

თამარის ყურძენი


ჯიში ხასიათდება საშუალოზე მაღალი (8,0 ტ/ჰა) მოსავლიანობით და სიმწიფის საგვიანო პერიოდით - მესხეთის ზონაში ოქტომბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 20,0 %, ხოლო მჟავიანობა 15,0 გ/ლ-ის ფარგლებშია.

თამარის ყურძენი საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოიყენება წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

მესხური საფერე

ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება მესხეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს და გავრცელებულია მესხეთის მევენახეობის ზონაში.

მესხური საფერე


ჯიში ხასიათდება საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით და სიმწიფის საგვიანო პერიოდით - მესხეთის ზონაში ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 18,0 %, ხოლო მჟავიანობა 9,0-10,0 გ/ლ ფარგლებშია.

მესხური საფერე საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოიყენება წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება მუქი შინდისფერი შეფერილობით, სიხალისით და სასიამოვნო არომატით.

შავი ასპინძურა

(ჯიშს სახელწოდება შეარქვა ცნობილმა მეცნიერმა მაქსიმე რამიშვილმა) ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება მესხეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს და გავრცელებულია მესხეთის მევენახეობის ზონაში.

შავი ასპინძურა


ჯიში ხასიათდება მაღალი (14,0-17,0 ტ/ჰა) მოსავლიანობით და სიმწიფის საგვიანო პერიოდით - მესხეთის ზონაში ოქტომბრის შუა რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 18,0-20,0 %, ხოლო მჟავიანობა 8,0-9,0 გ/ლ ფარგლებშია.

შავი ასპინძურა საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოიყენება წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება კარგი ხარისხით, ინტენსიური შეფერილობით, სიხალისით და ჰარმონიულობით.

ხიხვი (სინონიმი: ჯანანურა)

ქართული ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს და ფართოდ არის გავრცელებული ძირითადად კახეთის მევენახეობის ზონაში. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, მისი წარმოშობა III-IV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

ხიხვი


ჯიში ხასიათდება საშუალო ან საშუალოზე დაბალი 4,5-6,5 ტ/ჰა მოსავლიანობით და სიმწიფის საშუალო პერიოდით. ყურძნის წვენში შაქრიანობა 23,0-24,0 %, ხოლო მჟავიანობა 5,2- 8,5 გ/ლ ფარგლებშია.

ხიხვი მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია, რომლისგანაც შესაძლებელია დამზადდეს ღვინოები როგორც კლასიკური (ევროპული), ისე კახური ტექნოლოგიით. ხიხვისგან, ასევე მიიღება ძალიან კარგი ხარისხის სადესერტო ღვინოები.

საფერავი

კახეთის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშების მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. გავრცელების კუთხითაც, ის ყველაზე ფართოდ (17 953 ჰა) გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, 2026).

საფერავი


ჯიში ხასიათდება საშუალო ან საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით (8,0-15,0 ტ/ჰა) და სიმწიფის საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდით. ყურძნის წვენი მდიდარია პოლიფენოლური და ანთოციანური შემადგენლობით, შაქრიანობა 20,0-26,0 %-ს აღწევს, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 7,5-8,5 გ/ლ ფარგლებშია.

საფერავისგან დამზადებული ღვინოები გამოირჩევა მაღალი ღირსებებით - ეს არის შესანიშნავი საღვინე ვაზის ჯიში, რომლის მოსავალი საუკეთესოა სხვადასხვა ძირითადი ტიპის ღვინოების დასამზადებლად. მისი ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერილობით, სხეულით, სისრულით, ჰარმონიულობით და სიძველეში ძლიერი ბუკეტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასასმელია, რომ მესხეთის მევენახეობის ზონა თავისი უნიკალური მრავალსაუკუნოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებითა და ორიგინალური ღვინოების წარმოების პოტენციალით წარმოადგენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. სწორედ ამიტომ, მესხეთის ზონაში ავტოქთონური ჯიშების დამატებითი კვლევა-დანერგვა და მევენახეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეგიონის ღვინის კულტურის პოპულარიზაციას.



გამოყენებული ლიტერატურა:

1. შ. წიქვაძე, 1958. მევენახეობის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები მესხეთში.

2. ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, 1960. საქართველოს ამპელოგრაფია.

3. ივ. ჯავახიშვილი, 1986. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი V.

4. დ. მაღრაძე, ი. მდინარაძე, რ. ჭიპაშვილი, ე. აბაშიძე, შ. კიკილაშვილი, მ. ბარათაშვილი, მ. ვიბლიანი, ლ. ხარიტონაშვილი, ნ. ბიწაძე, 2017. სკრის კოლექციის ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კატალოგი.

5. ლ. უჯმაჯურიძე, გ. კაკაბაძე, ლ მამასახლისაშვილი, 2018. ქართული ვაზის ჯიშები.

6. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, 2026. საქართველოს ვენახების კადასტრი: 2025 წლის ანგარიში.

7. „ელკანას“ კატალოგი. საქართველოს ვაზის ჯიშები.

https://catalog.elkana.org.ge/index.php?pageid=61

8. მ. ხარბედია, 2010. მესხური მევენახეობის კვალდაკვალ.

https://vinoge.com/mevenaxeoba/mesxuri-mevenaxeobis-naSTis-kvaldakval