ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, ნორვეგიის ქალაქ კრისტიანსანდში, არის ადგილი, სადაც ქართული ღვინოების ჭიქების წკრიალი სკანდინავიურ სიმკაცრეს სრულიად განსხვავებულ სითბოს სძენს. ეს Gvino-ა - ღვინის ბარი, რომელიც ნორვეგიაში ქართული ღვინის ისტორიას წერს.

Gvino.no


ნორვეგია, დანიასა და შვედეთთან ერთად, მსოფლიო გასტრონომიის ერთ-ერთი ცენტრია. აქ კვების კულტურა რიტუალს ჰგავს, სადაც ყველა დეტალი გათვლილია. ნებისმიერ მაღალი კლასის რესტორანში სომელიე და შეფ-მზარეული უდიდესი სიზუსტით არჩევენ კერძთან იდეალურად შესახამებელ ღვინოს.

ნორვეგია ცნობილია უგემრიელესი სიდრებით, კარტოფილის სპირტის - აკევიტის წარმოებითა და ადგილობრივი ჯინით. მართალია, აქ მკაცრი კლიმატის გამო, მევენახეობა ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, მაგრამ ნორვეგიელები ღვინის უდიდესი დამფასებლები არიან. სწორედ ამ თანამედროვე, კონკურენტულ და გემოვნებაზე ორიენტირებულ გარემოში თითქმის 25 წელია ცხოვრობს ნათია ყურუა, ადამიანი, რომელმაც თავის პარტნიორებთან ერთად, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, რამდენიმე წლის წინ, ქართული მეღვინეობის, კულტურისა და სტუმართმოყვარეობის ადგილი, ღვინის ბარი სახელწოდებით Gvino შექმნა.

Gvino.no


Gvino-ში 130-ზე მეტი ქართული ღვინოა წარმოდგენილი: “ვინივერიას” დახვეწილი ღვინოებით დაწყებული, “დაქიშვილის საოჯახო მეღვინეობის”, “შატო მუხრანის”, “გურაშვილის საოჯახო მეღვინეობის”, “ფაფრის მინდვრების” თუ “ორგოს” ელეგანტური ღვინოებით გაგრძელებული.

ყველაფერი 2017 წელს, ოსლოს ღვინის სკოლაში დაიწყო. ერთ-ერთ ლექციაზე მოისმინა, რომ ღვინის პირველი სამშობლო ეგვიპტეა, სადაც 5000 წლის წინ ღვინოს ამზადებდნენ. საქართველოში ღვინის დაყენების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიციის დამადასტურებელი ფაქტებითა და ბმულებით ლექტორს მეილი გაუგზავნა და სასწავლო პროგრამაში ცვლილებები შეატანინა. სწორედ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ გააჩინა გადაწყვეტილებაც: თუ ნორვეგიაში ქართული ღვინის შესახებ არაფერი იციან, ეს აუცილებლად შესაცვლელია. იმ პერიოდში ნორვეგიულ ბაზარზე მხოლოდ ერთი მეღვინეობის - „ხოხბის ცრემლების“ ღვინო იყო წარმოდგენილი.

„საქართველოში საიმედო პარტნიორის ძიება დავიწყე. მჭირდებოდა არა უბრალოდ მწარმოებელი, არამედ თანამოაზრე, რომელიც გაიზიარებდა ჩემს ხედვას იმის შესახებ, როგორ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველო ნორვეგიულ ბაზარზე.“ ზვიად გურაშვილი სწორედ ასეთი პარტნიორი აღმოჩნდა (საქართველოში, ზვიადი კომპანია „ვინივერიას“ თანადამფუძნებელი და „გურაშვილის მეღვინეობის“ მფლობელია).

ნათიამ ნორვეგიელ იმპორტიორებთანაც დაიწყო მოლაპარაკებები. დიდ ინტერესს თავიდან არავინ იჩენდა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო Non Dos (Non Dos AS), რომელიც 2006 წელს დაფუძნდა და დღეს, ნორვეგიაში ორგანული, ბიოდინამიკური და ნატურალური ღვინოების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წამყვანი იმპორტიორია. ნორვეგიაში ალკოჰოლის გაყიდვის მონოპოლია სახელმწიფოს - Vinmonopolet-ს ეკუთვნის. შესაბამისად, Non Dos მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის საქართველოდანაც) შემოტანილ ღვინოებს აწვდის როგორც სახელმწიფო მაღაზიათა ამ ქსელს, ისე რესტორნებს, ბარებსა და სასტუმროებს.

Gvino.no


ნათია Non Dos-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს დაუკავშირდა და პირდაპირ უთხრა: “ორი გამოსავალი გაქვს - ან ჩემთან ითანამშრომლებ, ან შენი კონკურენტი გავხდები“. ამ გამბედაობამ იმუშავა და თანამშრომლობა შედგა. პირველ წელს, 2018-ში, ბაზარზე მხოლოდ ოთხი დასახელების ქართული ღვინო შეიტანეს და 340-მდე ბოთლი გაიყიდა. ეს ციფრი მიზერული იყო, მაგრამ დიდი გზის დასაწყისს წარმოადგენდა. მეორე წელს ასორტიმენტი ექვს, შემდეგ კი რვა სახეობამდე გაიზარდა.

ნათია აქტიურად მუშაობდა ღვინის ნორვეგიელ ჟურნალისტებთან. ამ ქვეყანაში ასეთი დაუწერელი კანონი მოქმედებს: თუ გავლენიანი კრიტიკოსი შენს ღვინოზე დადებით შეფასებას დაწერს, გაყიდვები გარანტირებულია. ასეც მოხდა, ინტერესი და მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა. Vinmonopolet-ში მალე სტაბილური გაყიდვების ციფრებიც დაფიქსირდა.

30,000 კონკურენტი და ქარვისფერი ღვინო

Vinmonopolet-ის სისტემა უნიკალური და ამავდროულად დაუნდობელია. ამ მაღაზიათა ქსელში ყველა სახის ალკოჰოლი იყიდება. მათ ბაზაში 30 000-ზე მეტი დასახელების ღვინოა ხელმისაწვდომი. წარმოიდგინეთ, როგორია იყო ახალბედა მოთამაშე 30 000 კონკურენტს შორის. ასეთ გარემოში თავის დასამკვიდრებლად იდეალური ფასის, მაღალი ხარისხისა და განსაკუთრებული გემოს სინთეზია საჭირო.

გამოცდილებამ ნათიას აჩვენა, სად არის ქართული მეღვინეობის სუსტი და ძლიერი მხარეები სკანდინავიურ ბაზარზე. ევროპული წესით დამზადებული კლასიკური თეთრი ღვინოებით კონკურენციის გაწევა გერმანიის, ესპანეთის თუ პორტუგალიის ინდუსტრიებისთვის თითქმის შეუძლებელია, ძირითადად საფასო პოლიტიკის გამო. იგივე ეხება ვარდისფერ ღვინოებსაც. თუმცა, საქართველოს აქვს თავისი ძლიერი მხარე - ქვევრი და ქარვისფერი ღვინო - სრულიად უნიკალური პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ვერცერთი სხვა ქვეყნის ღვინოს ვერ შეადარებს. ქარვისფერი ღვინოების მიმართ ნორვეგიაში ინტერესი მუდმივად მზარდია. რაც ეხება წითელ ღვინოებს, აქაური ცივი კლიმატიდან გამომდინარე, გაყიდვებში ისინი მუდმივად პირველ ადგილზეა. განსაკუთრებული პოპულარობით საფერავი სარგებლობს, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ჯდება ადგილობრივების გემოვნებაში.

ნათია ყურუა: „ევროპაში და განსაკუთრებით სკანდინავიაში, მომხმარებელი არ სწყალობს ღვინოებს, რომლებსაც ალკოჰოლის მაღალი მაჩვენებელი აქვს - 13%, 14%, 14,5%. მათთვის ასეთი ღვინოები მიუღებელი და ნაკლებ საინტერესოა. თუ ქართველ მწარმოებლებს ნორვეგიის ბაზარზე პოზიციონირება სურთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს მნიშვნელოვანი დეტალი.“

ოსლოში გატარებული წლების და იმპორტის მიმართულებით გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილება - ნორვეგიაში ქართული ღვინის ბარი გაეხსნა, ნათიამ მოქმედებაში 2022 წელს მოიყვანა. ასე გაჩნდა Gvino ნორვეგიულ სანაპიროზე - ქალაქ კრისტიანსანდში.

Gvino-ს მთავარი კონცეფცია და სიამაყე ქართული ღვინოებია, რომელთა იმპორტსაც ნორვეგიაში ნათია თავად ახორციელებს. აქ, 130-ზე მეტი სახეობის ქართული ღვინოა თავმოყრილი საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან.

Gvino.no


ბარი სეზონურია - კრისტიანსანდი საზღვაო ქალაქია, ამიტომ ზაფხულობით აქ სტუმრების ნაკადი არ წყდება. თუმცა ზამთარში, ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის სავალ მანძილზე, მხოლოდ ღვინის დასალევად მისვლა სტუმრებისთვის რთულია. სწორედ ამ მიზეზმა გააჩინა მოთხოვნა კერძებზეც. საქმეში ქართველი მზარეული გიორგი გოგორიშვილი ჩაერთო. გიორგის ლიეტუვურ რესტორანში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომელმაც Michelin-ის ვარსკვლავი სწორედ მისი იქ მუშაობის პერიოდში მიიღო.

Gvino.noGvino.noGvino.noGvino.no




დღეს, აქ სამი სახეობის ხაჭაპური ცხვება - აჭარული, იმერული და გიორგის საავტორო - ხორციანი გულსართით. ყოველ კვირას მენიუში ერთი სიახლეა, მაგალითად, ლობიანი ან სხვა ტრადიციული ქართული კერძი. თუმცა ნათიასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, Gvino ღვინის ბარად დარჩეს და არ იქცეს კლასიკურ რესტორნად, ამიტომ მენიუც მოზომილია, რათა აქაურობამ თავისი ელეგანტური, ღვინის გარშემო აგებული ატმოსფერო არ დაკარგოს.

28 სტუმრიდან ღვინის დიდ ფესტივალამდე

Gvino-ს კიდევ ერთი მისია საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის ნაწილია. ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების რეკლამირება კანონით მკაცრად იკრძალება. შეუძლებელია სოციალურ ქსელში ფოტოების განთავსება ან ტრადიციული პიარ-კამპანიების წარმოება. ასეთ პირობებში ცნობადობის გაზრდის ერთადერთი გზა დეგუსტაციები და ფესტივალებია. ასე დაიბადა ოსლოში ქართული ღვინის ფესტივალის ჩატარების იდეა.

Gvino.noGvino.no



პირველ ფესტივალს არცთუ ბევრი სტუმარი ჰყავდა, რომელთა რაოდენობა მეორე წელს გაორმაგდა. შემდგომ, როდესაც პროცესში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ჩაერთო, ღონისძიებამ სრულიად სხვა მასშტაბები შეიძინა. დღეს, ის უკვე სტაბილური, ყოველწლიური ფესტივალია, რომელსაც, როგორც ნათია ამბობს, ელიან და წინასწარ კითხულობენ ჩატარების თარიღს.

მსგავსი აქტივობა მალე კრისტიანსანდშიც გაგრძელდა. ნათია ადგილობრივ სომელიე ლიამ პარსონსთან პარტნიორობით, ამ ზღვისპირა ქალაქში, წელიწადში ღვინის ორ ფესტივალს მართავს - გაზაფხულზე (მარტი) და შემოდგომაზე (სექტემბერი). ამავე ფესტივალებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებია წარმოდგენილი და სხვადასხვა იმპორტიორები მონაწილეობს. “ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, ადამიანებში ზოგადად ღვინისადმი ინტერესის გაღვივება და არა მხოლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაცია”