თამარ ხვედელიძე
მამუკა ორკოდაშვილი
თელავისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა გომბორის უღელტეხილზე გადის, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრია. ეს უღელტეხილი და მისი ბუნება ყველა სეზონზე საოცარი სანახავია. გომბორს რომ ჩაივლით, ჯერ თელავში მოხვდებით, იქიდან ოთხიოდე კილომეტრში კი სოფელ შალაურში. სწორედ ამ სოფელშია ორთა - თამარს და მამუკას საოჯახო მარანი.
ორთა კახურ დიალექტზე ნიშნავს რამეს, რაც ორ ადამიანს ეკუთვნის. ამ მარნის ისტორია სწორედ ორმა, პროფესიით მეღვინემ - თამარმა და მამუკამ დაიწყეს, 2016 წელს. თამარი, წარმოშობით იმერეთიდანაა, დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის წამყვანი რეგიონიდან, სადაც მსუბუქსხეულიანი, მაღალმჟავიანი, ცინცხალი ღვინოები იციან. ამის გამოა, ორთას საოჯახო მარანში კახური ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოებსაც რომ შეხვდებით და კლასიკურად დაყენებულსაც - მსუბუქს, ხალისიანს.
სოფელი შალაური წინანდლის მიკროზონას მიეკუთვნება, სადაც ნიადაგები მრავალფეროვანია, კლიმატი კი ზომიერად ნოტიო - ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. თამარის და მამუკას ვენახები ამავე სოფელში აქვთ გაშენებული. რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებენ:
ქვევრის რქაწითელი - ქარვისფერი ღვინო, ატმის და გარგრის ჩირის არომატებით, ჰერბალური და თაფლის ტონებით, კარგად დაბალანსებული მჟავიანობით და ხანგრძლივი დაბოლოებით.
ქვევრის საფერავი - ალუბლისფერი შეფერილობის ღვინო, შავი ქლიავისა და სანელებლების არომატებით, სასიამოვნო, ხანგრძლივი დაბოლოებით და დაძველების კარგი პოტენციალით.
მწვანე - კლასიკური მეთოდით დაყენებული, ღია ჩალისფერი ღვინო. გარგრის და ცოცხალი ხილის არომატებით, სასიამოვნო მჟავიანობით.
ჟღია - ვარდისფერი ღვინო.
ჟღია ქართული ენდემური ვაზის ჯიშია, კახეთიდან. მისგან წარმოებული ღვინო ვარდისფერი შეფერილობით, ალკოჰოლის დაბალი შემცველობით და სასიამოვნო გემოთი ხასიათდება. ჟღია საკოლექციო ჯიშია, რომელსაც დღეს, ბევრგან ვერ შეხვდებით. ორთას ვენახებში ეს ჯიში რქაწითელთან და კახურ მწვანესთან ერთად გაუშენებია მამუკას პაპას, შალაურში, იმ ადგილას, რომელსაც აქაურები ნაღომარს უწოდებენ. ვენახი 40 წლისაა და როგორც თამარი ამბობს, მამუკა მის მოვლას არავის ანდობს.
ჟღიას ცალკე ვენახის სახით იშვიათად შეხვდებით, - გვიყვება მამუკა, ძალიან საინტერესო ჯიშია. მისგან ცინცხალი არომატების მშრალ ვარდისფერ ღვინოს ვაყენებთ, კლასიკური ტექნოლოგიით, კლერტისა და კანის გარეშე დადუღებით. ღვინოს კენკროვანი ხილის, მარწყვის, მოცხარის არომატებით აქვს და ძალიან სასიამოვნო მისართმევია. ჩვენს ვენახში, ეს ჯიში რქაწითელზე ერთი-ორი კვირით ადრე მწიფდება, ამიტომ პირველი სწორედ ჟღიას რთველი გვაქვს.
კახეთში, ჟღიას ცალკე ღვინოდ იშვიათად აყენებდნენ, უმეტესად საფერავში ურევდნენ, ჩვენ კი მის წარმოებას სხვა თვალით შევხედეთ. ვცდილობთ, ეს უნიკალური კახური ჯიში არ დავკარგოთ. რადგან მცირე რაოდენობით გვაქვს გაშენებული, წელიწადში მხოლოდ 300 ბოთლამდე ღვინოს ვაყენებთ. ორთას პირველი ექსპორტი სწორედ ამ ღვინოს უკავშირდება - პოლონეთში, სადაც მომხმარებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ჟღიასთან ერთად, გავიტანეთ ჩვენი რქაწითელიც და მწვანეც.
მამუკა და თამარი ვენახების ფართობის გაზრდას და ხიხვის გაშენებას გეგმავენ - ძალიან საინტერესო და ფართო შესაძლებლობების კახური ჯიშის, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ერთ-ერთ უძველეს ქართულ ენდემურ ჯიშად მოიხსენიებს.
ორი ქვევრით
დაწყებული ორი მეღვინის
ისტორია
თამარი გვიყვება, რომ თავიდან ყველაფერი იმ ორი ქვევრით დაიწყეს, რომლებიც ამ მარანში მამუკას პაპას ჰქონდა დარგული. ერთში რქაწითელი დააყენეს, მეორეში - საფერავი. ასე დაიწყო ორთას ისტორია, რომელიც დღეს, უფრო მეტ ქვევრს, მარანს, სადაც ღვინის მოყვარულებს მასპინძლობენ და რამდენიმე სახეობის ღვინოს ითვლის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე, სპეციალიზირებულ მაღაზიებშია წარმოდგენილი.
ყოველ წელს, ღვინო, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რაღაც ახალს გვასწავლის და ჩვენც ვუსმენთ, ვსწავლობთ. მიყვარს ხოლმე თქმა, გემოწმინდა ღვინოები გვაქვს მეთქი. გემოწმინდა - ხომ პირველად გაიგონეთ ეს სიტყვა? თან რა ლამაზია და რელიგიური ელფერიც აქვს, როგორც თავად ღვინოს. ყოველწლიურად მეტად ვუსმენთ და მეტად ვვითარდებით.
გაზაფხულია ორთას ვენახებში, სადაც თამარი და მამუკა მხოლოდ ორნი არ მიდიან. მეღვინეებს სამი შვილი ჰყავთ. მესამე წელს შეეძინათ. ორთას ორი ქვევრით დაწყებული საინტერესო ისტორია გრძელდება. წინ ახალი ჯიშები, ახალი ღვინოები და ახალი ქვეყნებია, სადაც საოჯახო მარნის ღვინოებს აუცილებლად მოიწონებენ.




