მეღვინეობებში სტუმრობა ახალი ღვინოების აღმოჩენის მოყვარულების საყვარელი საქმიანობაა. განსაკუთრებით, თუ ადგილზე მიმზიდველი პეიზაჟი, ვენახები და ადამიანები გვხვდებიან, რომლებიც ახალ ისტორიას იწყებენ - ისეთს, რომელიც წარსულიდან მოდის და ძალიან ორიენტირებულია მომავალზე. ერთ-ერთი ასეთი შავერდეა, გულორდავას საოჯახო მეღვინეობა, რომელსაც ვენახები და საწარმო ახმეტაში აქვს.
შავერდეს ღვინოებმა მას შემდეგ მიიქცია ჩვენი ყურადღება, რაც ისინი ჯერ ღვინის ადგილობრივ ფესტივალზე, შემდეგ კი Decanter World Wine Awards-ზე გამოჩნდნენ. გულორდავას საოჯახო მეღვინეობა, რომლის ღვინის ეტიკეტებზე დიდი G დასამახსოვრებლად გამოიყურება, შედარებით ახალი მოთამაშეა ღვინის ადგილობრივ ბაზარზე. ეს არის მეღვინეობა, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მისი ღვინოები ლიმიტირებული წარმოებითა და დახვეწილობით გამოირჩევა. თითოეულში კარგად ჩანს ტერუარის, ადამიანების და მათი შრომის ერთობლიობა.
ღვინო გულორდავებში ოჯახური ტრადიციისა და ცხოვრების ნაწილია. სწორედ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ვაზისა და ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება დაუდეს საფუძვლად მეღვინეობას - შავერდე, სადაც თითოეული ღვინო შეზღუდული რაოდენობით და იდეით მზადდება, რომ ყოველი ბოთლი აუცილებლად უნდა ატარებდეს ქართულ ხასიათს.
გულორდავები წარმოშობით სამეგრელოდან არიან, ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო რეგიონიდან, ოჯალეშის სამშობლოდან. არსებობს ღვინო, რომელიც უბრალოდ სასმელი კი არა, ისტორიების შემნახველია. ის ჰყვება ადამიანებზე, მიწაზე, ტრადიციებსა და ოცნებებზე - ღირებულებებზე, რომლებიც დროს უძლებს. რამდენჯერ შევსწრებივარ, როგორ უმღეროდნენ სამეგრელოში, ვენახში, დაბალ ხმაზე ტკბილ მეგრულ სიმღერას მტევნებს. როგორ ლოცულობდა ოჯახის თავი - ბაბუა, მარანში, სადაც ჭურები იყო დარგული. ასეთი დიდი საიდუმლო იყო მარანი ჩვენი წინაპრებისთვის, ღვინო კი იმდენად ღვთიური სითხე, რომ ბაბუას თავისი საიდუმლო ჰქონდა ღმერთთან. გულორდავას საოჯახო მეღვინეობა სწორედ ასეთ ისტორიას ატარებს, რომელიც წინაპრების შრომით, მემკვიდრეობით და მიწისადმი სიყვარულით არის გაჯერებული. მეღვინეობის დამფუძნებელი გოგი გულორდავაა და ეს მისი ოჯახის ისტორიაა.ბაბუა ხშირად ახსენებდა კახეთს. ისე უნდოდა კახური ჯიშების სამეგრელოში გახარება, რამდენჯერმე ჩამოიტანა კიდეც, მაგრამ ვერ გაახარა. კი არ ეწყინა, პირიქით, მითხრა, ყველა ჯიშს თავისი მიწა სჭირდებაო. ჰოდა, მეც ეს ოცნება ბაბუას კახეთში ავუსრულე - სწორედ ისეთი ადგილი მოვძებნე სავენახედ, როგორიც მას მოეწონებოდა.
ახმეტის შესასვლელამდე არმისული, მარჯვნივ გადაუხვევთ თუ არა, გზა შავერდეს ვენახებამდე მიგიყვანთ, მდინარე ალაზნის ზედა წელში, ახმეტის მიკროზონაში, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ცივ-გომბორის, დასავლეთიდან კი კახეთის ქედი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - კავკასიონის ქედი, რომელიც გაზაფხულის ბოლოსაც თოვლით არის დაფარული. ვენახების შუაგულშია შავერდეს საწარმო და სადეგუსტაციო სივრცე, საიდანაც ხელისგულზე იშლება პანორამული ხედი მათივე ვენახებზე, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ჯიშებია გაშენებული - რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებური, სოვინიონ ბლანი, შარდონე, თეთრი მუსკატი.
შავერდეს ღვინოები ახალგაზრდა მეღვინე ელენე ჯაღმაიძის ხელშია, რომელიც თითოეულ ჯიშთან განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობს და ცდილობს, ღვინო არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, არამედ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობდეს. “წარმოებისას, როგორც ქვევრის ტრადიციულ, ისე ევროპულ ტექნოლოგიას ვიყენებ, რაც მრავალფეროვანი და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ღვინოების შექმნის საშუალებას მაძლევს. გარკვეული ჯიშები კასრებში ვარგდება, რაც ღვინოს მეტად დახვეწილს ხდის,” - ამბობს ელენე. რადგან Homeland of Wine-ს ამ ნომრის მთავარი თემა ვარდისფერი ღვინოებია, ბუდეშურისებური საფერავის როზეს ვსინჯავთ. ეს ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან, რომელიც საფერავის ერთ-ერთ ვარიაციას წარმოადგენს, თუმცა საფერავისაგან განსხვავებით, მარცვალი უფრო მოგრძო აქვს და ადრეც მწიფდება. ბუდეშურისებური საფერავი (ან როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ - საფერავი ბუდეშური) დღეს, მცირედ არის გავრცელებული, მისგან წარმოებულ ვარდისფერ ღვინოს ბევრგან ვერ შეხვდებით.
როგორია შავერდეს მიზნები და ბრენდის პოზიცია
წარმოების ეტაპობრივად გაზრდას და საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით ევროპაში, ბრენდის პოზიციის გაძლიერებას ვგეგმავთ, - ამბობს ელენე. ვფიქრობთ, ახალი ღვინის ხაზების შექმნას, მათ შორის ექსპერიმენტული და ლიმიტირებული სერიების, რომლებსაც ღვინის საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე წარვადგენთ, რათა შავერდე ფართო აუდიტორიას გავაცნოთ. წლიურად 25,000-30,000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, სხვადასხვა მიკროზონაში მოწეული 15-ზე მეტი ყურძნის ჯიშისგან - ხაშმის საფერავი, სალხინოს ოჯალეში, მაღრაანის ქისი, ლეჩხუმის ცოლიკოური, მუკუზანი და სხვა. გვაქვს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი ღვინოები, ასევე სხვა საინტერესო ვარიაციები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის შავერდეს პორტფელს.
წარმოგიდგენთ შავერდეს ღვინოებს:
ცოლიკოური | თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებული ლეჩხუმში მოყვანილი ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო კარგად გამოხატავს წარმოშობის ადგილის უნიკალურ ხასიათს. გამოკვეთილია მინერალურობა, ტროპიკული ხილის და ციტრუსის არომატები. ბუნებრივად მაღალი მჟავიანობა ღვინოს სიახლისესა და სტრუქტურას სძენს და ქმნის ჰარმონიულ და კარგად დაბალანსებულ გემოს.
საფერავი ხაშმი მუხა | მშრალი წითელი ღვინო. ლიმიტირებული სერია, დამზადებული ხაშმის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან. მუქი ლალისფერი შეფერილობის. აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი არომატი და სრულყოფილი ხავერდოვანი ბუკეტი. მუხის კასრებში დავარგების შედეგად ღვინო კარგად არის დაბალანსებული და აქვს დახვეწილი, ხანგრძლივი დაბოლოება.
ოჯალეში | მშრალი წითელი ღვინო, დამზადებული მარტვილის ძველ ვენახებში მოყვანილი ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან. ქვევრში დაყენების შედეგად ღვინოში გამოკვეთილია წითელი კენკრის ცოცხალი არომატები, ალუბლის, მაყვლის, ჟოლოს, სანელებლებისა და კვამლის ნოტები.
ქისი ქვევრი | მშრალი ქარვისფერი ღვინო. მაღრანის მზით გაჯერებულ ვენახებში მოწეული ქისის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ეს ღვინო ქარვისფერ-ოქროსფერი შეფერილობისაა. აქვს მწიფე ყვითელი ხილის არომატები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ჩირისა და სანელებლების ნაზ არომატებს. ღვინოში კარგად არის გამოხატული ქისის ჯიშური ხასიათი და იმ მიწის თავისებურებები, სადაც არის მოყვანილი.
ჩინური-გორული მწვანე მუხა | მშრალი თეთრი ღვინო, ღია ჩალისფერი შეფერილობით. ხილის, ციტრუსისა და ნაზი ყვავილოვანი არომატებით, რომლებსაც ვანილისა და მუხის მსუბუქი ნოტები ავსებს. აქვს ცოცხალი მჟავიანობა და დახვეწილი, ხანგრძლივი დაბოლოება. დავარგებულია მუხის კასრებში ექვსი თვის განმავლობაში.
ახლახან, თბილისში, გამრეკელის #20-ში, გულორდავას საოჯახო მეღვინეობის შოურუმიც გაიხსნა, კომფორტული სივრცე სასიამოვნო მასპინძლებით. გაგიმართლებთ, თუ აქ სტუმრობისას მეღვინე თავად დაგხვდებათ, რადგან შოურუმში წარმოდგენილი შავერდეს ღვინოების საიდუმლო მან ყველაზე უკეთ იცის.




