როდესაც თბილისის ხმაურს უკან ვიტოვებთ და ქვემო ქართლის სოფელ მუხათისკენ მივემართებით, რომელიც დედაქალაქიდან მეოცე კილომეტრშია, ჰაერი თითქოს მყისიერად იცვლება და ისტორიით გაჟღენთილი ხდება. ეს ისტორიული საბარათიანოა - მხარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, კულტურულ და აგრარულ ცენტრს წარმოადგენდა.

ამ რეგიონის მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: მუხათთან ახლოს მდებარეობს გადაჭრილი გორა - მსოფლიო მეღვინეობის აკვანი და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 8000 წლის წინანდელი მეღვინეობის კულტურის კვალია აღმოჩენილი.
სწორედ ამ უძველესი კულტურის ეპიცენტრში, ჩვენს თვალწინ იშლება მარაბდის ველი - ადგილი, სადაც 1625 წელს ეპიკური ბრძოლა გაიმართა. თუმცა დღეს, ეს ველი, რომელიც ერთ დროს საომარ არენას წარმოადგენდა, სრულიად სხვა, შემოქმედებითი გამარჯვებისთვის ემზადება. აქ, ზღვის დონიდან 550 მეტრზე, ქვემო ქართლის მეღვინეობის ახალი ისტორია იწერება. ჩვენი მიზანი ამ ისტორიის გაცნობაა, რისთვისაც ღვინის კომპანია „მარაბდის ველში“ მივდივართ - ქვემო ქართლის საინტერესო ღვინოებთან შესახვედრად.

გენეტიკური მეხსიერების გაღვიძება
ვენახებისკენ მიმავალ ბილიკზე მეღვინეობის დამფუძნებელი და მეპატრონე, ბონდო დავითაშვილი გვხვდება. მისი პირველივე ფრაზებიდან ვხვდებით, რომ ეს საქმიანობა მისთვის გენეტიკური მეხსიერების გაღვიძებაა. ბონდოს წინაპრები მევენახეები იყვნენ, რომლებსაც მე-19 საუკუნეში აქ დასახლებულ გერმანელ კოლონისტებთანაც ჰქონდათ საქმიანი კავშირები.


„ჩემს ბავშვობაში, 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ძირითადად ქართული თეთრყურძნიანი ჯიშები იყო შემორჩენილი, სულ მესმოდა საუბრები განსაკუთრებულ და გამორჩეულ საფერავზე, რომელიც ამ მიწაზე მოდიოდა,“ - გვიყვება ბონდო, სანამ ვაზის სიმეტრიულ რიგებს შორის მივაბიჯებთ. „შემდეგ, კომუნისტებმა ეს ჯიში კახეთში გადაიტანეს იმის გამო, რომ აქ სარწყავი სისტემები არ არსებობდა. სწორედ ამ საფერავზე ფიქრი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ამ მიწაზე ვენახების გაშენება გადაგვაწყვეტინა.“
მიწის არქიტექტურა
მარაბდის ველის ვენახები 8.5 ჰექტარზეა გადაჭიმული. აქ ყველაფერი სათანადოდ არის მოწყობილი: რიგებს შორის 2,5-მეტრიანი, ხოლო ვაზებს შორის 90-სანტიმეტრიანი დაშორება, 85 სანტიმეტრზე აწეული შტამბი, რაც ვაზის კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფს. თუმცა, მთავარი საიდუმლო ნიადაგშია - ხუთი მეტრის სიღრმეზე, ფენოვან ჭრილში. ზედაპირზე არსებულ თიხნარს 10-20 სანტიმეტრის სისქის კირქვის ფენა მიჰყვება, რომელსაც თავის მხრივ შავი ნიადაგი ცვლის. ციკლი სიღრმეში რამდენჯერმე მეორდება. ეს სტრუქტურა სრულიად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენახიდან რამდენიმე კილომეტრში 1450 მეტრის სიმაღლის კოჯრის მთებია. ათასწლეულების განმავლობაში წყალს სწორედ იქიდან ჩამოჰქონდა მინერალებით გაჯერებული ნაშალი, რამაც ვაზისთვის საუკეთესო ტერუარი ჩამოაყალიბა. ამ ნიადაგზე დღეს ოთხი ქართული და ორი საერთაშორისო ჯიში ხარობს. ქართული ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო, საფერავი, ორიც ფრანგული: შარდონე და პინო ნუარი.


კლიმატი, როგორც თანაავტორი
“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კლიმატური მოკავშირე ჩრდილო-დასავლეთის ნიავია, რომელიც ფაქტობრივად ბუნებრივი სანიტარია,“ - ამბობს ბონდო, როცა ჩინურის რიგებს მივუყვებით, - „უზრუნველყოფს ვენახის აერაციას და გვაძლევს საშუალებას, შეწამვლა 30-40%-ით შევამციროთ. ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული მეღვინეობა ვართ იმ მხრივ, რომ ვცდილობთ, ბევრად უსწრებდეთ დროს: ზოგიერთ ისეთ პრეპარატსაც კი არ ვიყენებთ, რომელიც საქართველოში ოფიციალურად დაშვებულია, მაგრამ ევროპაში მკაცრი რეგულაციებით მომავალ წლებში იკრძალება. რასაც ევროპული სტანდარტები ხვალისთვის აწესებს, ჩვენ უკვე შარშან და წელს სრულად გამოვრიცხეთ ჩვენი პრაქტიკიდან. სწორედ ამ მინიმალური ჩარევით, თუმცა მკაცრი და გონივრული კონტროლით, ვიღებთ საუკეთესო ხარისხის მოსავალს.”
კლასიკური ღვინოების ისტორია, რომელიც ალიონზე იწყება
ვენახიდან საწარმომდე, რომლის არქიტექტურა უდავოდ საინტერესოა, სულ რაღაც 10 მეტრია. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ლოგისტიკური დეტალი დიდ ტექნოლოგიურ უპირატესობას იძლევა. აქ შეუძლიათ, რთველი გამთენიისას, დილის 6:00 საათზე დაიწყონ. სუსხიან დილას დაკრეფილი ყურძენი მალევე ხვდება საწარმოში, რაც გამორიცხავს ტრანსპორტირებისას მის გადახურებას, ინარჩუნებს სიმკვრივეს და იმ პირველად, დელიკატურ არომატებს, რაც კლასიკური მეთოდით ღვინის დაყენებისას ფუნდამენტურია.


სწორედ აქ მივადექით მთავარ კონცეფციას: “მარაბდის ველი” ხაზგასმით არის ორიენტირებული კლასიკურ, თანამედროვე ღვინოებზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საქართველოს ძირითადად ქვევრისა და ქარვისფერი ღვინოებით იცნობს, ბონდოს და მის გუნდს ღრმად სწამს, რომ ქართლის მხარე იდეალურია პრემიუმ კლასის ევროპული სტილის ღვინოების დასამზადებლად.
მიშა მესხი | ენოლოგი, ღვინის ექსპერტი: „ჩვენ, მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები, ვცდილობთ ქართული მეღვინეობა გრძელვადიან ჭრილში დავინახოთ. ვიცით ჩვენი 8000-წლიანი წარსული, თუმცა მომავლის განჭვრეტა გაცილებით რთულია. მიუხედავად ამისა, ხშირად შეხვდებით საქმისადმი სწორად დაგეგმილ, დისციპლინირებულ და აუჩქარებელ მიდგომებს, რომლებიც თითქოს თვალნათლივ გვიჩვენებს დარგის ხვალინდელ დღეს.
„მარაბდის ველი“ სწორედ ასეთი ღვინის კომპანიაა - ის ეძებს და აუცილებლად შექმნის ახალ ქართულ ნიშას უკვე გადატვირთულ მეღვინეობის სამყაროში. ნათლად ჩანს კომპანიის კომპლექსური ნაბიჯები: მარნის მინიმალისტური, მომხიბვლელი არქიტექტურა, გონივრულად დაგეგმილი მასშტაბები, ზომიერი და სიღრმისეული ექსპერიმენტებით მიღებული საუკეთესო ღვინოები და ახალგაზრდული გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნის.“
მარიამ ხომასურიძე | ენოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი: "მარაბდის ველი ხარისხზე ორიენტირებული მარანია, სადაც ქართული ღვინო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და თანამედროვე ენოლოგიური მიდგომების სინთეზით იბადება. მწარმოებელმა წარმატებით გაართვა თავი რთულ ამოცანას - სწორედ შეერჩია ღვინოების სტილისტიკა. მარნის თითოეული ღვინო ნათლად ასახავს ვაზის ჯიშისა და ტერუარის უნიკალურობას.
მარაბდის ველი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო: საფერავისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი, საიდანაც სხეულიანი, კომპლექსური და მდიდარი ჯიშური არომატებით სავსე ღვინო იღებს სათავეს."
რა თქმა უნდა, კომპანია პატივს სცემს ტრადიციასაც - მალე მომხმარებელს ქარვისფერი ღვინოების ხაზიც წარედგინება, რომელიც მარაბდის ველის ტერუარის პოტენციალს სრულიად ახლებურად დაგვანახებს. თუმცა დღეს, მათი კლასიკური ღვინოები უკვე საერთაშორისო აღიარებებს ითვლიან წამყვან კონკურსებზე Decanter WORLD WINE AWARDS, Concours Mondial de Bruxelles, IWCS.



თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული და სათანადოდ მოვლილი ვენახი, მარანში ყურძნის მიმღები უახლესი მოწყობილობები, თითქმის სრულად კომპიუტერიზებული სამაცივრე სისტემები, მუხის კასრები, რომლებშიც თეთრი ღვინოები რამდენიმე თვის, წითელი ღვინოები კი წელიწადნახევრის განმავლობაში მწიფდება და იძენს დახვეწილ სტრუქტურას - ეს ყველაფერი ის ტექნიკური არსენალია, რომლის დახმარებითაც მარაბდის ველის ღვინოები იქმნება. აქვეა სადისტილაციო აპარატიც, რომლითაც უმაღლესი ხარისხის ბრენდი და მუხაში დავარგებული ჭაჭა მზადდება.
ადამიანები ტერუარის მიღმა: ვინ ქმნის „მარაბდის ველის“ ღვინოებს
ამ ღვინოების მიღმა შვიდკაციანი გუნდი დგას, რომელზეც ბონდო განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს. ეს არის თაობათა და ცოდნის იდეალური სინთეზი: ბონდოს ძმა, ლაშა დავითაშვილი - კომპანიის მმართველი და აქაურობის თავდაუზოგავი მეურნე; აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები - მეღვინე გოგა ზირაქიშვილი და მისი მეუღლე ანი ვარამაშვილი, რომელიც ლაბორატორიულ და ხარისხის კონტროლს ხელმძღვანელობს; გერმანიაში, Neustadt-ის უნივერსიტეტში განათლებამიღებული მევენახე-მეღვინე ლაშა ბიბილაშვილი. გუნდის წევრები არიან დევი ეუაშვილი და ზვიად მურადაშვილი, რომლებიც მარაბდის ველის საქმიანობაში პირველივე დღიდან არიან ჩართულები. აქ თითოეული ღვინო ერთობლივად, დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების საფუძველზე იქმნება.
მარაბდის ველის ღვინოები
ჩინური | კლასიკური თეთრი მშრალი ღვინო
ამ ღვინოში ზედმიწევნით კარგად არის გადატანილი ჩინურის ბუნებრივი სიხალისე და სინაზე. გამჭვირვალე ჩალისფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა ელეგანტური, საშუალო ინტენსივობის ბუკეტით, რომელშიც თეთრი ხილისა და მინდვრის ყვავილების ნოტები დომინირებს. აქვს დახვეწილი და მსუბუქი სტრუქტურა, ცინცხალი მჟავიანობა, ჰარმონიული, გამაგრილებელი ხასიათი.

ჩინური/გორული მწვანე
ღვინო შექმნილია კლასიკური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს ორივე ენდემური ჯიშის ბუნებრივი, პირველადი არომატების სრულად შენარჩუნებას. ელვარე ჩალისფერი შეფერილობის ღვინო ხასიათდება ზომიერი სიძლიერის ბუკეტით, სადაც თეთრი ხილისა და მინდვრის ყვავილების ნატიფი ტონები დომინირებს. ცოცხალი, ენერგიული ხასიათისაა, მკვეთრად გამოხატული მჟავიანობით და ხანგრძლივი დაბოლოებით.

შავკაპიტო
კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ეს ღრმა, ბროწეულისფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუკეტით, სადაც წამყვან პოზიციას იკავებს სანელებლების პიკანტური ნოტები. აქვს ზომიერი სხეული, რბილი და ხავერდოვანი ტანინები. ქვემო ქართლის ეს უძველესი ჯიში “მარაბდის ველის” ღვინოში საუკეთესოდ არის გადმოცემული.

საფერავი
მუქი ლალისფერი შეფერილობის კლასიკური წითელი ღვინო იდეალურად გამოხატავს ტერუარის ხასიათს. არომატულ პროფილში წამყვან პოზიციას ალუბალი და ქლიავი იკავებს, რომლებსაც ჰარმონიულად ერწყმის შავი პილპილის მსუბუქი ტონები. გემოზე ღვინო შეკრული და დაბალანსებულია. ხანგრძლივი დაბოლოება საფერავის ჯიშურ სიღრმეს საუკეთესოდ უსვამს ხაზს.

საფერავი პრემიუმი
კლასიკური მეთოდით დამზადებული და მუხის კასრებში დავარგებული მუქი ლალისფერი შეფერილობის საფერავი კომპლექსური და ხასიათიანია. მუხაში დავარგებამ ღვინოს განსაკუთრებული კეთილშობილება და არომატული სიღრმე შესძინა. მუხის კასრისათვის დამახასიათებელი ვანილის ნაზი ტონები და სანელებლების არომატები ღვინოში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. გემოზე დაბალანსებულია. აქვს ხანგრძლივი და დასამახსოვრებელი დაბოლოება.

შარდონე
კლასიკური, თეთრი მშრალი ღვინო. ეს ფრანგული ჯიში ქართლის რეგიონში საინტერესო ხასიათს ავლენს, რაც ხელუხლებლად არის კიდეც გადატანილი კლასიკური მეთოდით დამზადებულ ამ ღვინოში. ღია ჩალისფერი შეფერილობის შარდონე გამოირჩევა ყვავილებისა და თეთრი ხილის ტონებით გაჯერებული არომატული ბუკეტით. არის ცინცხალი, ხალისიანი, დახვეწილი და კარგად დაბალანსებული.

პინო ნუარი
კლასიკური წითელი მშრალი ღვინო, ღია ბროწეულისფერი. კარგად გამოხატული წითელი ხილის - მაყვალი, ჟოლო, ასევე მწვანე ბალახის და იის არომატებით. ღვინო საშუალოსხეულიანია, ხასიათდება გამოკვეთილი მჟავიანობით, დაბალანსებული ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით.

დეგუსტაციის ოთახში ვსხედვართ. საფერავს ვაგემოვნებთ და აქაურობის სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობთ. ბონდო ამბობს, რომ სურს მალე სტუმრებს ღვინოსთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონული სამზარეულოს უნიკალური შეხამებები შესთავაზონ. თუმცა, მისი ხედვა საკუთარი მეღვინეობის კედლებს სცდება და როგორც ქვემო ქართლის მეღვინეთა გაერთიანების ბორდის წევრი, რეგიონის მასშტაბურ განვითარებაზე ფიქრობს: „დღეს ამ გაერთიანებაში ერთად ვართ შეკრებილი ბოლნისის, თეთრიწყაროსა და მარნეულის მეღვინეები. მართალია, „მარაბდის ველი“ თავისი ტექნიკური ბაზითა და ხარისხით უკვე დამკვიდრდა როგორც რეგიონის ერთ-ერთი ფლაგმანი, თუმცა მხოლოდ ერთი საწარმოს წარმატება საკმარისი არ არის. როგორი საუკეთესო ღვინოც არ უნდა ვაწარმოოთ, აუცილებელია, რომ ამ მხარეში კიდევ ბევრი ხარისხიანი, თუნდაც ჩვენსაზე უკეთესი ღვინო იქმნებოდეს. ჩვენი მთავარი მიზანი რეგიონის ერთიანი იმიჯის შექმნაა. როდესაც მომხმარებელი გასინჯავს ამ მხარის ღვინოს, უნდა უჩნდებოდეს მკაფიო ასოციაცია - ქვემო ქართლი არის რეგიონი, სადაც უმაღლესი ხარისხის ღვინოს აყენებენ. ერთად ამას უფრო სწრაფად შევძლებთ, ამიტომ ყოველთვის ღია ვართ თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარებისთვის.“




