ეს ქალაქი სწორედ ამ მულტიკულტურული წარსულით, შვაბი კოლონისტების მიერ დატოვებული კვალითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთია მიმზიდველი. ამ ისტორიული მემკვიდრეობის ყველაზე საინტერესო ნაწილი ღვინის ძველ სარდაფებში იმალება. ერთ დროს, აქ ჩამოსახლებულმა გერმანელებმა საცხოვრებელი სახლების ქვეშ, ქვით ნაშენი თაღოვანი სარდაფები მოაწყვეს, რომელთა დიდი ნაწილი ბოლნისში დღესაც შემორჩენილია და მათ აქაური მეღვინეები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ქართულ-გერმანული ისტორია გრძელდება Park Prime Winery-შიც.


ორი კულტურა და ორი თაობა ერთ მეღვინეობაში
ამ ოჯახის ბოლნისური ამბავი 1988 წლიდან იწყება, როდესაც ნოდარ კობახიძის ოჯახმა, აქ, ტიციან ტაბიძის N46-ში ეს სახლი ააშენა, ხოლო ღვინის სარდაფი გერმანულ სტილზე მოაწყო. წლების შემდეგ, სივრცე მყუდრო საოჯახო სასტუმროდ Bolnisi Prime House-ად გადაკეთდა, რომელიც დღეს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს. ღვინოებს ოჯახი Park Prime Winery-ს ბრენდის ქვეშ აწარმოებს, რომლის სიმბოლოდ და ლოგოდ წლების წინ სახლის ეზოში დარგული მუხის ხე იქცა.


ამავე ეზოში, 1000 კვადრატულ მეტრზე, საფერავი და ასურეთული შალაა გაშენებული. ამ ორი ჯიშისგან ღვინოებს ლიმიტირებული რაოდენობით ამზადებენ. ბოლნისში, ადგილზე, რომელსაც აქაურები “ნაყიდ მიწებს” უწოდებენ, ოჯახს რქაწითელის ვენახი აქვს, რომელიც 1988 წელს არის გაშენებული და სტატუსით - Own-rooted Rkatsiteli ოფიციალურად რეგისტრირებულია საერთაშორისო პლატფორმაზე The Old Vine Registry (ეს პლატფორმა 30 წელზე მეტი ხნის ვენახებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან).
ღვინოში თარგმნილი ისტორია
ბოლნისურ მარნებში დრო სულ სხვანაირად მიედინება. აქაურობის სურნელიც კი განსხვავებულია. Park Prime Winery-ს მარნის კარის შეღებისთანავე, ისტორია ხელშესახები ხდება: მუხის ჩანები, კასრები და მე-19 საუკუნის გერმანული მექანიკური საწური (პრესი), რომელსაც ყურძნის დასაწურად იყენებენ.



Park Prime Winery-ში ამ ოჯახის ფუძემდებლის ნოდარ კობახიძის შთამომავლები - კობა, ნოდარი და გიორგი, მეღვინე დავით ენდელაძესთან ერთად ოთხი სახეობის ღვინოს აყენებენ: რქაწითელს, საფერავს, ასურეთულ შალას და საფერავისა და ასურეთული შალას ბლენდს. ყურძენი მუხის ჩანებში იწურება, დუღილის 4-კვირიანი პერიოდის შემდეგ კი მუხის კასრებში გადააქვთ დასავარგებლად.

მარნის ღვინოები საოჯახო სასტუმროს სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომია და მათი შეძენა თბილისში, 8000 მოსავლის მაღაზიათა ქსელშიც არის შესაძლებელი.
ახლახან მარანი „ბოლნისის ღვინის გაერთიანების” წევრი გახდა, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს აერთიანებს. თუ ამ ქალაქში მოხვდებით და გამორჩეული ისტორიისა და არქიტექტურის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ესტუმრებით, თაროზე Park Prime Winery-ს ღვინოებსაც შეხვდებით.

ბოლნისში რქაწითელი ყოველთვის განსხვავებულია. ამის გამოცაა, რომ ამ მხარეში გაშენებული რქაწითელისგან წარმოებული ღვინოები ხშირად იმსახურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარებას. Park Prime Winery-ს 2022 წლის მოსავლის რქაწითელმა წელს, ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე, რომელიც უკვე სამი წელია ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, სომელიეს რჩეული ღვინის წოდება მოიპოვა.




