თუმცა, რეალობა ისაა, რომ ისტორიული ქარტეხილებისა და საუკუნოვანი წყვეტის გამო, დღეს მესხეთში მევენახეობა-მეღვინეობა პრაქტიკულად თავიდან იდგამს ფეხს. აქ ვერ ნახავთ დიდ ფართობებზე გაშენებულ ვენახებს, ანდა მწარმოებელთა დიდ არმიას. მოქმედი მარნების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ღვინია ერთ-ერთი ასეთია, რომლისკენაც მივემართებით, Memory House კი ადგილი, სადაც გავჩერდებით.

საღვინე არქიტექტურა ვარძიიდან ფარავნამდე

უნდა გითხრათ, რომ მესხეთის საღვინე პოტენციალის სრულად გასააზრებლად აუცილებელია აქაური ისტორიის ყურადღებით გადახედვა. ამ მხარის მკაცრ, მთიან რელიეფზე ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ, ვენახები ხელოვნურად შექმნილ ოროკოებზე (ტერასებზე) გააშენეს. ეს არის მშრალი წყობით, უდუღაბოდ ნაგები გიგანტური მიწის დამჭერი კედლები, რომლებიც მთის ფერდობებზე ტერასებს ამაგრებს. ასეთი სისტემა ნიადაგს წვიმებისგან გამოწვეული ეროზიისგან ეფექტურად იცავს და მზის ენერგიის სწორად გამოყენებასაც უწყობს ხელს. ისეთ ისტორიულ ლოკაციებზე, როგორიც სარო, გოგაშენი, ჭაჭკარი, მალახევი, ხიბაზავრა, უნწა, ასევე აწყური და ვარძიაა, ასეთი ოროკოები დღესაც არის შემორჩენილი და აქ დღესაც იძებნება ენდემური ვაზის გადარჩენილი ძირები.

Gvinia Winery


საქართველო ტერასული მევენახეობისა და ზოგადად, მეურნეობის კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა. საუკუნეების წინ, ასეთივე კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული არაბეთში, ინდოეთში, ჩინეთში და არა მხოლოდ. თანამედროვეობაში, ასეთი პრინციპით ვენახების გაშენება დამკვიდრებულია საფრანგეთში, შვეიცარიაში, იტალიაში.

ისტორიული მეხსიერების ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსია (XII-XIII სს.), სადაც არქეოლოგებმა 28 მარანი და 235 ქვევრი აღმოაჩინეს, რაც ხაზს უსვამს აქაური მეღვინეობის კულტურის მასშტაბს. ვარძიის გარდა, ჩვენს თვალწინ იშლება მესხეთის დიდებული მემკვიდრეობა: რაბათის, ხერთვისის, თმოგვის ციხეები, საროს მეგალითები და ისეთი რელიგიური ცენტრები, როგორიც საფარის, ზარზმისა და ჭულეს მონასტრებია.

კიდევ უფრო იდუმალია ჯავახეთის პლატო, რომლის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე, სარკისებური ზედაპირის ფარავნის ტბა გაწოლილა. ამ ტბის სილამაზე ზაფხულში, ისევე როგორც ზამთარში, როცა ყინულის სქელი ფენით იფარება, აბსოლუტურად დამატყვევებელია. მის ნაპირას, სოფელ ფოკაში მდებარე წმინდა ნინოს დედათა მონასტერი დღეს ადგილობრივი გასტრონომიის კერაა, სადაც დედები უნიკალურ ყველსა და შოკოლადს აწარმოებენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიგახვედრებთ, რატომ აქვს მესხურ მიწას ასეთი ძლიერი, უწყვეტი მეხსიერება. იმისთვის, რომ ასპინძაში მოვხვდეთ, ეს გზა უნდა გაიაროთ.

Memory House - ადგილი განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

შთამბეჭდავი მარშრუტის შემდეგ, ასპინძაში ჩასულები Memory House-ში ვჩერდებით. ნინო ალელიშვილისა და მისი მეუღლის, გოჩას მიერ ეს საოჯახო სასტუმრო ისე ესთეტურად არის შექმნილი, რომ ეზოში შესვლისთანავე გვიჩნდება განცდა - აქ განსაკუთრებული შთაბეჭდილებები და ემოციები უნდა დავაგროვოთ.

Memory HouseMemory HouseMemory House


აქაურობა, ზაფხულში სიმწვანეში რომ ჩაფლულა, ალიონზე ჩიტების გამომაცოცხლებელი ხმებით არის სავსე. საღამოს კი, მზის ჩასვლისას, როდესაც განათებები ირთვება, გარემო ისეთ ზღაპრულ ელფერს იძენს, შესაძლოა იფიქროთ, რომ საიდანღაც ლუის კეროლის ელისი გამოჩნდება ანდა ჩეშირული კატა, თავისი ფართო ღიმილით და ფილოსოფიური საუბრით, მექუდეც და სასტუმრო სახლის პატარა აივანზე ერთად დალევთ ჩაის. აქაურობა სავსეა სიმყუდროვით, სითბოთი და ძალიან ახლობელი მაგიით.

Memory HouseMemory HouseMemory House


Memory House სამი დამოუკიდებელი ოთახისგან შედგება. სტუმრების კომფორტისთვის აქ ყველა საჭირო ნიუანსია გათვალისწინებული. არ აქვს მნიშვნელობა, რა სეზონზე ჩამოხვალთ ამ ისტორიულ მხარეში, კარგი მოგონებების დასაგროვებლად ეს საოჯახო სასტუმრო აუცილებლად გაგიღებთ თავის კარს.

ქუჩის გადაღმა, ზუსტად მოპირდაპირე ჭიშკარს შეაღებთ და უკვე საოჯახო მარან ღვინიას სტუმარი ხართ. ასეთი განსაკუთრებული ბონუსი მოჰყვება Memory House-ში ვიზიტს. შალვა ალელიშვილი, რომელიც ამ მეღვინეობას უდგას სათავეში, ნინოს ძმაა.

Gvinia WineryGvinia Winery


ფილოსოფიური სინერგია: ტრადიციის, მიწის, ვაზის და მეღვინის დიალოგი

ღვინია ზღვის დონიდან 1125 მეტრზე მდებარეობს. შალვა ალელიშვილმა ამ მარანში პირველი ქვევრები 2019 წელს დარგო. 2021 წლის რქაწითელმა, რომელიც სწორედ ამ ქვევრებშია დაყენებული, Mundus Vini-ზე ოქრო მოიპოვა. იგივე წარმატება გაიმეორა 2022 წლის ქვევრის რქაწითელმაც.

Gvinia Winery


განსაკუთრებულია მარნის ვიზუალური იდენტობაც: ეტიკეტზე უნიკალური არქიტექტურის გვირგვინისებური მესხური ჭერია (მერცხლისბუდურა) გამოსახული. ეს ერთმანეთზე კუთხით განლაგებული ძელებით პირამიდულად აგებული ძველი არქიტექტურული ელემენტი, რომელიც საუკუნეების წინ დარბაზს სინათლითა და სითბოთი უზრუნველყოფდა, სიმბოლურად და ორგანულად აკავშირებს ადგილობრივ კულტურულ მემკვიდრეობასა და ღვინის ხელოვნებას.

მარნის ეზოში ძველი ადგილობრივი ჯიში - მესხური მწვანეა გაშენებული. მცირე ფართობზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ამ მხარეში, ვენახებს იშვიათად ვხვდებით, თითოეული ასეთი შემთხვევა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

Gvinia WineryGvinia Winery


მარნის ქვედა ზონაში, მიწის ზედაპირიდან 4 მეტრის სიღრმეზე, ენოთეკაა მოწყობილი. სწორედ აქ, Garbellotto-ს კასრებში მიმდინარეობს ღვინოების განვითარების მნიშვნელოვანი პროცესი. 2024 წლის გორულმა მწვანემ და ქართლის ბუდეშურისებურმა საფერავმა უკვე გაიარა კასრში დავარგების ეტაპი, ჩამოისხა და ახლა ბოთლური დაძველების პროცესს გადის, ვიდრე ადგილობრივ მომხმარებლამდე მივა და ექსპორტზეც გავა. 2025 წლის იმავე ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კი ახლა იძენენ მუხის კეთილშობილურ ტონებს.

შალვა ალელიშვილი ახალგაზრდა მეღვინეა, მაგრამ უკვე ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და დასამახსოვრებელი ხელწერით: “2023 წლიდან ღვინია სრულად გადაერთო ქართლის ჯიშებზე. როგორც მესხეთის წარმომადგენელმა, მინდა, შემდეგი წლების ვერტიკალი როგორც შიდა ქართლის, ისე ისტორიული ზემო ქართლის, ანუ მესხეთის ჯიშებზე ავაწყო. მაგალითად, მესხურ მწვანეს უკეთ ვხედავ სწორედ ქართლის ჯიშებთან ბლენდებში და ასამბლაჟში.”
Gvinia WineryGvinia WineryGvinia WineryGvinia Winery


ტრადიციების დოგმატური დაცვა თანამედროვე მეღვინეობაში სწორი სვლა რომ არ არის, ეს შალვას ძალიან კარგად ესმის. ამიტომ, მისი ღვინოები ქვევრისა და მუხის კასრების კარგად გააზრებული ტანდემის შედეგია - ღრმაც, შინაარსიანიც, თანამედროვეც და ელეგანტურიც.

ღვინიას პორტფელი კარგად ასახავს მეღვინის ოსტატობას, მართოს სხვადასხვა ტექნოლოგია და ტერუარი.

ჩინური, 2024 | კლასიკური ღვინო

Gvinia Winery


ალკოჰოლი: 12.8%. ფერი: ნაზი ჩალისფერი. ოკამის ტერუარის სუფთა, ელეგანტური გამოხატულება. კლასიკური ვინიფიკაცია ჯიშის პირველად ხასიათს სრულად ინარჩუნებს. ბუკეტი ცოცხალი და გამაგრილებელია, სადაც ლიმონის ცედრა და მწიფე თეთრი ხილი დომინირებს. ღვინოში ცინცხალი მჟავიანობა და ზომიერი ალკოჰოლი იდეალურ ჰარმონიას ქმნის.

ქისი რეზერვი, 2022 ქვევრი & კასრი

Gvinia Winery


ალკოჰოლი: 14.5% . ფერი: კაშკაშა ქარვისფერი. კახური ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებული და შემდეგ მუხის კასრში 5 თვის განმავლობაში დავარგებული ეს ღვინო ტექნოლოგიების სწორი სინთეზის შესანიშნავი მაგალითია. გამოირჩევა მწიფე ხილის ნაზი, ელეგანტური ტონებით, სადაც განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება ატმისა და მსხლის ჩირის ინტენსიური არომატები. სხეულიანი, სტრუქტურული, იდეალურად დაბალანსებული.

რქაწითელი, 2021 ქარვისფერი ღვინო | Mundus Vini-ს ოქროს მედალოსანი |

Gvinia Winery


ალკოჰოლი: 14.5%. ფერი: ინტენსიური ქარვისფერი. ეს ღვინო მარნის საერთაშორისო ტრიუმფია, რომელმაც ღირსეულად გაიმეორა ღვინიას 2021 წლის რქაწითელის წარმატება. ბუკეტი კომპლექსურია, სავსე გადამწიფებული თეთრი ხილისა და სანელებლების არომატებით. ჰარმონიული, ხანგრძლივად მდიდარი დაბოლოებით.

თავკვერი როზე, 2022 | კლასიკური წესი & მუხის კასრი

Gvinia Winery


ალკოჰოლი: 11.5%. ფერი: დახვეწილი ორაგულისფერი. ცოცხალი, ხასიათიანი და ელეგანტური როზე, რომელიც ყურადღებას იპყრობს მდიდარი კენკროვანი პროფილით: მარწყვი, ჟოლო და წითელი მოცხარი. გემოზე იგრძნობა შინდის ნოტები. ღვინო გამოირჩევა დაბალანსებული მჟავიანობით. მუხის კასრში დაყოვნება სასიამოვნო სტრუქტურულ სინაზეს სძენს.