ცქრიალა ღვინოებით ხუთი კოქტეილის მომზადება დავგეგმეთ მე და ჯულისმა. ხუთიდან ოთხს თავისი რეცეპტი და დასახელება უკვე ჰქონდა, მხოლოდ ერთი - ქართული კოქტეილი ელოდა თავის სახელს. მანამდე კი მისთვის ინგრედიენტები უნდა შეგვერჩია. ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო: სხეულიანი, გამოკვეთილი ხასიათით, ელეგანტური გემოებითა და ნაზი დაბოლოებით. მინდოდა, მას ქართული ხასიათი ჰქონოდა - ვფიქრობ, სწორედ ასეთები არიან ქართველი ქალები. ამ იდეიდან დაიბადა ზაფხულის კოქტეილი Georgian Summer Girl, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

რეცეპტი და მომზადების წესი:
- 3.5 cl კონიაკი
- 1 cl ვერჟიუ
- 1.5 cl ჟოლოს ლიქიორი
- 3 წვეთი პეიშოს ბიტერი
- 3 წვეთი ანგოსტურას ბიტერი
- შეავსეთ ჭიქა ყინულით
- დაამატეთ ქართული ვარდისფერი მშრალი ცქრიალა ღვინო და გააფორმეთ ფორთოხლის ქერქით ან ახალი ჟოლოთი.
ზაფხულის გოგოს ხასიათს კონიაკი ქმნის. სწორედ ის ანიჭებს კოქტეილს სხეულსა და სიღრმეს - რაც უფრო დაძველებულია კონიაკი, მით უფრო რბილი და ხანგრძლივია მისი დაბოლოება. ვერჟიუ სასიამოვნო სიხალისეს მატებს, ჟოლოს ლიქიორი ხილის ნაზ არომატებს ავითარებს, პეიშოსა და ანგოსტურას ბიტერები კი ყველა ამ გემოს ერთმანეთთან აბალანსებს და კოქტეილს სრულყოფილს ხდის.
ახალი ჰორიზონტები: როდესაც ქართული ცქრიალა ღვინო მსოფლიო მიქსოლოგიას ხვდება
როდესაც ცქრიალა ღვინოების კოქტეილებში გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ხშირად ბუნებრივად გვახსენდება ფრანგული შამპანური ან იტალიური პროსეკო. თუმცა, მიქსოლოგიის თანამედროვე, მუდმივად ექსპერიმენტებში მყოფი სამყარო ახალ ჰორიზონტებს ეძებს. სწორედ აქ შეუძლია დაიკავოს თავისი ადგილი ქართულმა ცქრიალა ღვინოებმა, რომლებიც თავისი საინტერესო ხასიათით, სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით ტრადიციული ევროპული ალტერნატივების ღირსეული კონკურენტი გახდება. კლასიკურ რეცეპტებში ქართული ცქრიალების ინტეგრირება გემოების ახალ, ჯერ კიდევ აუთვისებელ სივრცეს აჩვენებს და დაამტკიცებს, რომ ჩვენსავე მიწაზე მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ სასმელებს თანამედროვე ბარის კულტურაში სრულიად განსაკუთრებული სიტყვის თქმა შეუძლიათ.


კოქტეილი: ესთეტიკა და ოსტატობა ჭიქაში
დიდი ქალაქების ბარებიდან გამოსულ მხიარულებას, ზაფხულის ცხელ, ქვიშიან სანაპიროებსა თუ ვერანდებზე გამართულ წვეულებებს ისე არაფერი უხდება, როგორც ბარმენის შეიკერის რიტმული ხმა და მასში გამოძერწილი ფერადი კოქტეილების გემო.
კოქტეილი მხოლოდ სასმელი არ არის, ის ესთეტიკისა და დიდი ოსტატობის ნაწილია. თითოეულ ჭიქაში მოხვედრილი ინგრედიენტები სრულიად ახალ გემოვნურ გამოცდილებებს ქმნის - ეს არის გემოები, რომლებიც შორეულ თავგადასავლებში გამოგზაურებთ. მაღალალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, კოქტეილებში ფართოდ გამოიყენება ცქრიალა ღვინოებიც, რომელთა შორის ლიდერები პროსეკო (მაგალითად: Hugo, Aperol Spritz, Bellini) და შამპანურია (French 75, Kir Royale).
ბარების ბუფეტებში ჩამწკრივებულ ათობით ბოთლში მოქცეული ფერადი სითხის თითოეული წვეთი დიდ როლს თამაშობს გემრიელი კოქტეილის შექმნაში. ეს ძალიან ზუსტი საქმიანობა ერთგვარად ექიმის პროფესიას ჰგავს. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1824 წელს, გერმანელმა სამხედრო ექიმმა იოჰან გოტლიბ ბენჟამინ ზიგერტმა პაციენტების სამკურნალოდ შექმნა ალკოჰოლური ნაყენი - ბიტერი, სახელად Angostura, რომელიც მოგვიანებით კოქტეილების განუყოფელ ინგრედიენტად იქცა. კოქტეილის ბიტერები 40%-იან ალკოჰოლს შეიცავს და თავისი ინტენსივობიდან გამომდინარე, ბარმენები მხოლოდ რამდენიმე წვეთს იყენებენ. ეს არის მაღალპროცენტიან ალკოჰოლში დავარგებული არომატული ბალახების, სანელებლებისა და ხილის ნაყენი, რომლის რეცეპტსაც მწარმოებლები ისეთივე საგულდაგულოდ მალავენ, როგორც ფრანგები შამპანურის დოსაჟს.
ისევე, როგორც სწორად შერჩეული სილუეტი საუკეთესოდ წარმოაჩენს კაბის ფორმასა და ხასიათს, სწორად შერჩეული ჭიქაც უფრო სრულყოფილს ხდის კოქტეილის ესთეტიკას. მაგალითად, მარტინის ჭიქა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დროში კარგად გამოცდილ კოქტეილის ჭიქად ითვლება. მისი პოპულარობა შესაძლოა ამერიკული შავ-თეთრი დეტექტიური ფილმის, „The Thin Man“-ის დამსახურებაცაა, სადაც მთავარი პერსონაჟები, ნიკი და ნორა სწორედ მარტინის მიირთმევენ.

ამ სტატიის მთავარი მიზანი ჟურნალის მკითხველისთვის ცქრიალა ღვინოებით შექმნილი ხუთი განსხვავებული კოქტეილის გაცნობაა, რომელიც ჰამბურგის ერთ-ერთ ცნობილ კოქტეილ ბარში - Nick and Nora-ში, მიქსოლოგ ჯულის ქოხთან თან ერთად განვახორციელე. შევარჩიე ხუთი სრულიად განსხვავებული გემოვნური პროფილის მქონე ცქრიალა ღვინო, რათა მეჩვენებინა, თუ რა გავლენას ახდენს თითოეული მათგანი კოქტეილის საბოლოო ხასიათზე.
ცქრიალა კოქტეილების ხუთეული
კოქტეილი French 75 ფრანგული შამპანურით

ინგრედიენტები: შამპანური, ახლად დაწურული ლიმონის წვენი, შაქრის სიროფი, ჯინი, ფორთოხლის ბიტერი; გარნირად ლიმონის ცედრა.
ხასიათი: მსუბუქი და ელეგანტური. ჯინი მას ბოტანიკურ არომატებს მატებს, ლიმონის წვენი - ცოცხალ მჟავიანობას, შაქრის სიროფი კი აბალანსებს გემოს. შედეგად ვიღებთ ცოცხალ, ჰარმონიულ კოქტეილს ხანგრძლივი და სასიამოვნო დაბოლოებით.
კოქტეილი Negroni Sbagliato იტალიური პროსეკოთი


ინგრედიენტები: პროსეკო, კამპარი, წითელი ვერმუტი; გარნირად ფორთოხლის ცედრა.
ხასიათი: პროსეკო კოქტეილს სასიამოვნო სიმსუბუქეს მატებს, კამპარი - მისთვის დამახასიათებელ მწარე ციტრუსოვან ხასიათს, წითელი ვერმუტი - სიღრმესა და მცენარეულ არომატებს, ფორთოხლის ცედრა კი მთლიან კომპოზიციას აგვირგვინებს.
კოქტეილი Old Cuban გერმანული Sekt-ით

ინგრედიენტები: გერმანული ზექტი, დაძველებული რომი, ლაიმის ახლადგამოწურული წვენი, შაქრის სიროფი, ანგოსტურას ბიტერი, ახალი პიტნა.
ხასიათი: ეს კოქტეილი კლასიკური მოჰიტოსა და შამპანურის კოქტეილის საინტერესო შერწყმაა. რომი რბილ, თბილ, კარამელისა და ვანილის ნოტებს სძენს, ლაიმი და პიტნა - გამაგრილებელ სიმჟავესა და არომატს, ზექტი კი მთელ სტრუქტურას განსაკუთრებულ ჰაეროვნებას ანიჭებს.
კოქტეილი Pornstar Martini ესპანური Cava-თი

ინგრედიენტები: Cava, მარაკუიას პიურე/ლიქიორი, ვანილის სიროფი, ლიმონის წვენი.
ხასიათი: დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილი დაუვიწყარი ტროპიკული ხასიათით. მარაკუიას გამორჩეული გემო, ვანილის სიტკბო და Cava-ს ელეგანტური სტრუქტურა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. მისი თითოეული ყლუპი პალმებიან სანაპიროს, ცხელ ქვიშას, უღრუბლო ცასა და კამკამა ლურჯ წყალს მოგაგონებთ.
Georgian Summer Girl ქართული ვარდისფერი ცქრიალა ღვინით
ხასიათი: ჩვენი საავტორო და განსაკუთრებული კოქტეილი, რომელიც იმის კარგი დასტურია, თუ რამდენად ორგანულად შეიძლება მოერგოს ქართული ღვინო თანამედროვე მიქსოლოგიის ტრენდებს. აუცილებლად მოსინჯეთ და შეიყვარეთ ზაფხულის ეს ახალი გემო!





